მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“ - დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობის დეპუტატები და პარტია „თავისუფალი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ წევრები დაუპირისპირდნენ.

ბიუროს სხდომაზე პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხზე იყო კამათი.

კერძოდ, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ათეულობით ათასი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კი, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ლევან გოგიჩაიშვილმა აქვე დასძინა, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში გამარჯვება ნაადრევად იზეიმა.

„როგორ აპირებთ, ადამიანების კონსტიტუციური უფლება დაიცვათ, რომლებიც იზოლაციაში არიან?! ცესკო-ს მოწოდება, რომ რეგისტრაციაში გატარდნენ, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.

თქვენ კოჯორში პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ კორონავირუსი დაამარცხეთ, ეს იყო სამარცხვინო განცხადება. ნაადრევად რომ ზეიმობენ ფეხბურთში გამარჯვებას და მერე მოწინააღმდეგეს გოლი გააქვს, ასე დაგემართათ. ნუ აბრალებთ უცხო პლანეტიდან ჩამოფრენილებს.

მოადუნეთ სახელმწიფო ინსტიტუტი, დღეს მივიღეთ გადატვირთულობა - დეფიციტი ყველა მიმართულებით და ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა. არჩევნებს გადააყოლეთ მთელი ეს პროცესი, როდესაც გაზაფხულზე განაცხადეთ, რომ ინფექცია დაამარცხეთ. 5 000 ტურისტის გამო ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეთ.

თუ არჩევნებია უფრო მნიშვნელოვანი, მაშინ ადამიანებს საარჩევნო ხმის უფლება რატომ ეზღუდებათ? თუ ვირუსთან ბრძოლაა მნიშვნელოვანი, რატომ ტარდება არჩევნები იმ ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანია იზოლაციაში?! ათეულობით ათასი ადამიანი საარჩევნო ხმის უფლების გარეშეა. თქვენ თუ წახვედით ამ გზით, რომ არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეპიდემიასთან ბრძოლა, მაშინ კეთილი ინებეთ და უზრუნველყავით ამ ადამიანების მიყვანა ან რაიმე ფორმით მონაწილეობა საარჩევნო პროცესში“,- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ გადასატან ყუთებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმდეს და ხმები გაყალბდეს.

„ვინ არის გარანტი, რომ ხმები დაცული იქნება? შეიძლება არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს“,- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გოგიჩაიშვილს მიმართა კითხვით, სანამ მსგავს განცხადებას გააკეთებდა, გაეცნო თუ არა ცესკო-ს გადაწყვეტილებას, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას იზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირები? რის საპასუხოდაც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა: „საიდან გაქვთ ინფორმაცია, ვინ არიან იზოლაციაში? ცესკო დადგენილებას კი მიიღებს, მაგრამ აღსრულება როგორ უნდა განხორციელდეს, მენეჯმენტს როგორ ალაგებთ? ცესკო თავისი რესურსით ამას ვერ მართავს“.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ იმ ადამიანების კონსტიტუციური უფლება იქნება დარღვეული, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

კამათში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჩაერთო და დამოუკიდებელი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯების გაჟღერებაში დაადანაშაულა.

„გული მწყდება, რომ 1 კვირით ადრე ჩემი ყოფილი კოლეგები არჩევნების ლეგიტიმაციაზე კითხვის ნიშანს სვამენ. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რაც მე ოპოზიციის მხრიდან მესმოდა. უსაფუძვლო განცხადებები მესმის“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის ამ განცხადებამ ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. „ისე არ ქნა, რომ წითელი ხაზები გადალახო“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა ხუნდაძეს.

საკითხზე კამათი დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დაპირისპირების ფონზე ბიუროს სხდომა დახურა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.