მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ლაგოდეხს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს

კახა კალაძე კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენაზე.
„ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოსავლიანი, ბარაქიანი მუნიციპალიტეტია ქვეყანაში და უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლაგოდეხში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი გააჩნია.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია. ეს ფაქტი ძალიან კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებშიც, როდესაც გლობალური საფრთხე ხელისუფლებამ ეფექტურად მართა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა, თანადგომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მის თქმით, „ქართული ოცნება“ ზრუნავს რეგიონების განვითარებაზე, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით უამრავ პროექტსა თუ ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას ახორციელებს.

„ამ ნაკრძალის ტერიტორიაზე მდგომებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოსავლიანი და ბარაქიანი მუნიციპალიტეტია ქვეყანაში და უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობა და ხელშეწყობა სჭირდება ამ პოტენციალის სრულფასოვნად ათვისებას, რაც ჩვენი ვალია და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, თქვენი მაჟორიტარი კანდიდატის ძალიხმევით ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!

დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება, ადამიანს, რომელიც ყველა იმ გამოწვევას გაიზიარებს, რაც თქვენს ქალაქს და რაიონს უდგას“,- აცხადებს კახა კალაძე.