მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" საარჩევნო მოდელზე პროექტის სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ

პარლამენტარი ჟურნალისტებთან 2019

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი გიორგი რურუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნაა.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებაც 8 მარტის შეთანხმებაა, რომელიც არ შესრულდა.

"ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ამ ეტაპზე აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტიკურ დევნას სრულად",-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს ასევე "ევროპული საქართველო".

"ეს არის ტექნიკური ნაწილი, ყველამ ყველაფერი იცის, ყველამ იცის რას გულისხმობს ეს შეთანხმება, ამიტომ, ამ კონკრეტულ განხილვაში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს დაიწყება. ფორმატი სატელევიზიო იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს შეთანხმდნენ. ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, მათი თქმით პოლიტიკური პატიმრების (გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა) გათავისუფლება.

საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა, თუმცა მათ არც პრეზიდენტი და არც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პოლიტიკურ პატიმრებს არ უწოდებდნენ.