მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის გენდერული საბჭო ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის ანალიზს მოამზადებს

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი

"პარლამენტის გენდერული საბჭო, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს", - ამის შესახებ გენდერული საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის მიზანია, შეფასდეს, როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე და შემუშავდეს რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის პროგრამებში გაითვალისწინებს.

"ეს იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, რათა შევამციროთ ეკონომიკური ზიანი და ეფექტურად დავეხმაროთ ქალებს, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი შეფასებით, "covid-19", რომელიც მსოფლიო ჯანდაცვისთვის გამოწვევას წარმოადგენს, არანაკლებ რთული გამოწვევა იქნება ქვეყნების ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, სამუშაო ადგილების შემცირების და უმუშევრობის გაზრდის ფონზე, როგორც გაეროს მოხსენებაშია აღნიშნული - პანდემიის შედეგების გავლენა უფრო მეტად აისახება ისეთ სექტორებზე, სადაც მეტი ქალი იყო დასაქმებული - სერვისები, ტურიზმი, სარესტორნე სექტორი, თვითდასაქმებულები და სხვა. ამის პარალელურად იზრდება კარანტინის პირობებში სახლში დარჩენილი ქალების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ალბათობა.

"სწორედ ამიტომ, პარლამენტის გენდერული საბჭო, როგორც ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ინსტიტუტი, ვიწყებთ ამ თემებზე მუშაობას, კვლევას და ადვოკატირებას", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც გენდერული საბჭოს წევრმა, აღნიშნა, გეგმის მიხედვით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, სამუშაო ჯგუფი გენდერული საბჭოს სახელით, ქალთა მიმართ ზიანის შემცირების მიზნით, რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომელიც გაგრძელდება მთავრობასთან კოორდინაციით ამ მიმართულებით სათანადო და შეძლებისდაგვარად საჭირო ქმედებების განსახორციელებლად.