მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი.

"საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ. მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ვენიდან, ბერლინიდან და ათენიდან კორონავირუსის გამო დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისებით სამშობლოში დააბრუნეს. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ მოქალაქეები სავალდებულო 2 კვირიან კარანტინს გადიან.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება.