მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

„გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს მართავს უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან, ვინც ფიზიკურად იმყოფება ბრიუსელში.

„უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია. მოგეხსენებათ დღეს, Covid-19-ის პირობებში, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი იმართება როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში უმაღლეს დონეზე და პრემიერ-მინისტრს აქვს შეხვედრა უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან.

ამ მომენტისთვის, განსაკუთრებით აღვნიშნავდი ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, სადაც იყო უაღრესად შინაარსიანი განხილვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ძირითად პროცესებთან დაკავშირებით, ასევე, რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რაზეც ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის გამართული შეხვედრისას.

„აღინიშნა, რომ საქართველო არის უაღრესად ფასეული პარტნიორი ნატო-სთვის. ის კონტრიბუცია, რომელიც ჩვენ შეგვაქვს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში არის უაღრესად დაფასებული ნატო-ს მხრიდან.

პრემიერის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ეს არის ახალი განზომილება ნატო-სთვის და აქ საქართველოს როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი.

აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის წევრობა და სწორედ, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორიცაა ერთობლივი პაკეტი, ყოველწლიური პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს და ეს იყო ხაზგასმით აღნიშნული შეხვედრაზე, არის მნიშვნელოვანი გარანტორი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს წევრობაზე,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, დღეს 29 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა.