მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მერი ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებებს პასუხობს

გიორგი შენგელია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ნაციონალური მოძრაობის წევრის ანი წითლიძის ბრალდებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს მათი მხრიდან მორიგი ცილისწამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ შემოგვთავაზა მორიგი შოუ, სადაც კიდევ ერთხელ მათთვის ჩვეული მანერით, ცილისწამებით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და იაფფასიანი მასკარადებით ფონს გასვლას, თუმცა არაფერი გამოუვათ, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს, მათ მხარეს კი არის სიცრუე და ცილისწამება.

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის მხრიდან მორიგი განცხადება ჩემს წინააღმდეგ, სხვა არაფერია, თუ არა ფარსი და აფსურდი, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო გახშირდება.

ამ ქმედებით ისინი ცდილობენ გადაფარონ ის რეალური საქმიანობა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და ამით სურთ მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები. მაგრამ, ქართველი ხალხი მათ მორიგ იაფფასიან პროვოკაციას არ წამოეგება და დარწმუნებული ვარ არჩევნების დროს კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ამ სიცრუეს.

ნაციონალების აქტივისტმა, რომელიც არის საკრებულოს წევრი, მინიმუმ უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მერი არ იღებს ერთპიროვნულად. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მშენებლობის განაშენიანების რეგულირებას, საკრებულოსთან შეთანხმებით მიიღება, ასე რომ ჯობია იაფფასიან საქმიანობას თავი დაანებოს და საკრებულოში მუშაობით დაკავდეს, რათა მეტი კომპეტენცია შეიძინოს და ელემენტარული საკითხები განასხვავოს.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, კომპანია ,,ვენ-ჯორჯიას“ ვალდებულება ჰქონდა ზუგდიდის ცენტრში აეშენებინა კომერციული ფართი, სადაც განთავსდებოდა ბრენდული რესტორანი. მათ ვერ მოახერხეს აღნიშული მშენებლობის ვადაში განხორციელება.

საკრებულოსთან შეთანხმებით მოხდა კომპანიის მიერ მშენებლობის ვადის გაგრძელება, რის სანაცვლოდაც კომპანიამ მერიის სასარგებლოდ, ერთჯერადად 200 000 ლარი გადაიხადა და დამატებით წარმოადგინა საინვესტიციო თანხის 1,5 მილიონი აშშ დოლარის 20% საბანკო გარანტია, რომელიც უმალ მიიმართება მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ისევ ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

აღნიშნული ქმედებით მერიამ მიიღო დამატებით შემოსავალი და ამასთან გაიმყარა პოზიციები კომპანიისგან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

სწორედ ამ შეთანხმებაში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ხედავს კორუფციულ გარიგებას, რაც არის სრულიად აფსურდული.

აქტივისტი, მისი ბელადის ბრძანებით ალბათ მომავალშიც გააგრძელებს ტალახის სროლას და მსგავსი სისულელეებით ყურადღების მიქცევის მცდელობაც ექნება, მაგრამ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ლაყბობს და ვინ აკეთებს საქმეს”- აღნიშნა გიორგი შენგელიამ მედიასთან საუბარში.