მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დარჩება თუ არა მსოფლიო დისტანციურ რეჟიმზე პოსტპანდემიურ ეპოქაში?

დისტანციური

კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული კარანტინის გამო 3 მლრდ-ზე მეტ ადამიანს იძულებით სახლში გამოკეტვა მოუწია. ათობით მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა ასობით მილიონი ადამიანი დისტასტანციურ მუშაობასა და სწავლებაზე გადავია. პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდა რომ გაჩნდა კითხვა, სიტუაციის შემობრუნების შემდეგ ხომ არ დარჩება მსოფლიო დისტანციური მუშაობის რეჟიმის პირობებში.

არც მობილური ტელეფონი, არც კომპიუტერი და არც ინტერნეტი 2020 წელს არ გამოუგონიათ. ტექნოლოგიების სიკეთეების შესახებ ადრეც ცნობილი იყო და ის უკვე დანერგილი იყო თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში, თუმცა ის მხოლოდ მნიშვნელოვან, მაგრამ დამხმარე ფუნქციას ასრულებდა.

ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ვიდეოზარის განხორციელება პრობლემას არ წარმოადგენს, ადამიანები ბიზნესკლასის ბილეთში ისევ იხდიან ათასობით დოლარს პოლიტიკური თუ საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.

კომპანიებს ოფისების ქირის ხარჯის დასაზოგად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა აქამდეც შეეძლოთ, მაგრამ მცირე გამონაკლისის გარდა მსგავს მეთოდს არავინ იყენებდა.

საუკეთესო უნივესრიტეტებში სწავლის საფასური წლიურად 20-30 და ზოგ შემთხვევაში 50 ათას დოლარს აჭარბებს, ეს მაშინ როცა სახელმღვანელოების ღირებულება 1000-ჯერ ნაკლებია, მათი ნაწილის ელექტრონული ვერსია საერთოდ უფასოა და ლექციების არც თუ მცირე ნაწილი Youtube-ზე ხელმისაწვდომია.

4K გარჩევადობის ტელევიზორში ფეხბურთის მატჩის ყურებისას ახლო კადრში გაცილებით უფრო მაღალი დეტალიზაციის მიღების დანახვაა შესაძლებელი, ვიდრე სტადიონზე. ასევე შესაძლებელია დაპაუზება და გადახვევა, მიუხედავად ამისა ძალიან გაძნელდება ისეთი გულშემატკივრის პოვნა რომელიც სტადიონზე ყოფნას დივანზე ჯდომას არჩევდა. ვარსკვლავური გუნდების თამაშებზე ბილეთის ფასი რამდენიმე ასეული დოლარია, შავ ბაზარზე რამდენიმე ათასი, ზოგჯერ რამდენიმე ათეული ათასი დოლარიც. 70-90 ათასიანი სტადიონები მაინც ბოლომდე ივსება.

მელომანები უმაღლესი ხარისხის აუდიოსისტემას პატივს სცემენ, თუმცა ფავორიტი მომღერლის კონცერტზე მაინც მიემგზავრებიან სხვა ქვეყანაში, რაზედაც წლიური შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავენ.

რატომ არ ზოგავენ ადამიანები ხარჯებს? რატომ იხდიან რაიმე X პროდუქტში $1000-ს როცა მისი ალტერნეტივა $100 ან სულაც მხოლოდ $1 ღირს? პასუხი მარტივია - ალტერნატივა სრულყოფილი ჩამანაცვლებელი არ არის.

ტექნოლოგიებმა ისევე როგორც პირადი ასევე საქმიანი ურთიერთობებიც ვერ ჩაანაცვლეს. რაც არ უნდა გამართულად მუშაობდეს Facebook, Skype თუ Zoom ის პირდაპირ კომუნიკაცის კონკურენციას მაინც ვერ უწევს.

ოფისისა თუ უნივერსიტეტის გარემო ადამიანის ტვინში უკვე დალექილია, რის გამოც ოფისსა და უნივერსიტეტში უფრო მოტივირებულია ვიდრე სახლში. შესაბამისად ოფისში მისი ეფექტიანობა უფრო მეტია, რაც ოფისის დაქირავების ხარჯს რამდენჯემრე აღემატება.

ტექნოლოგიები განვითარებას განაგრძობენ. 5G და ვირტუალური რეალობა მალე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება, თუმცა პირდაპირი ურთიერთობების ჩანაცვლება მათაც გაუჭირდებათ.