მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინჟინერ-ტექნოლოგი: ლიბანისთვის, ამონიუმის გვარჯილის მწარმოებელთაგან, ყველაზე ახლოს საქართველოა

საწყობში ამონიუმის გვარჯილა აალდა

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, ინჟინერ-ტექნოლოგის, მარლენ მჭედლიშვილის განცხადებით, ამონიუმის ნიტრატი იწარმოება საქართველოში და კავკასიის რეგიონსაც მთლიანად ამარაგებს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ლიბანისთვის, ამონიუმის გვარჯილის მწარმოებელთაგან, ყველაზე ახლოს საქართველოა, შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, ბეირუთში აფეთქებული აზოტის სასუქი საქართველოდან ყოფილიყო გატანილი.

მარლენ მჭედლიშვილის განმარტებით, ამონიუმის გვარჯილა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასუქია და ჩვეულებრივ პირობებში, ფეთქებადი არ არის, თუმცა სხვადასხვა ტემპერატურაზე მისი დაშლა იწყება.

„100-150 გრადუსის ზევით ის იშლება ნელი ტემპით და რეაქცია 1 ხაზით მიმდინარეობს, უფრო მაღალ ტემპერატურაზე მე-2 ხაზით, თუმცა თუ ტემპერატურის ზღვარი გაცილებით მაღალია, ხდება აფეთქება. თუ ეს სასუქი რაიმეშია მოქცეული, პატარა მოცულობაში დიდი რაოდენობით გაზები გამოიყოფა და ის გასკდება - ბომბია ჩვეულებრივი", - განმარტავს ინჟინერ ტექნოლოგი.

რა შეიძლება მომხდარიყო ბეირუთში?

„როცა ამონიუმის ნიტრატი შტაბელებად აწყვია (საწყობებში ასე ხდება ხოლმე), ქვედა ფენა უძლებს გარკვეულ კრიტიკულ წნევას, თუმცა თუ ზღვარზე მეტი დაიდო ზემოდან, ქვედა ფენა იწყებს აფეთქებას და ერთის აფეთქება საკმარისია იმისთვის, რომ მთლიანად აფეთქდეს დასაწყობებული ტომრები. თუ არ ყოფილა სიმაღლის კრიტიკული ზღვარი, მაგრამ სასუქი იდო წლების განმავლობაში, ქვედა ფენა კი განიცდიდა მუდმივ ზემოქმედებას, ამონიუმის გვარჯილის მრგვალი კრისტალები მჭიდრო ურთიერთობაში მოხვდებოდნენ, რაც გამოიწვევდა აფეთქებას. ვფიქრობ, სწორედ ეს მოხდა ბეირუთში, რადგან ამბობენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეწყო გვარჯილა ერთ ადგილას", - განგვიმარტა მარლენ მჭედლიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ამ კუთხით ძალიან კარგი სპეციალისტები ჰყავს.

„ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს რუსთავის აზოტის ქარხანაში, დაბალი ხელფასის გამო ახალგაზრდები თავს არიდებენ მუშაობას, რადგან ქიმიურ წარმოებაში მუშაობა რთულია და ხელფასები დაბალი რომ არის, ახალგაზრდებს არ უნდათ ამით დასაქმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძველ კადრებს სურთ, ახალგაზრდებმა შეცვალონ. ჩვენთან ეს ტექნოლოგია იმდენად კარგად არის ათვისებული, რომ ზამთრის პერიოდში ხდება შტაბელებად გვარჯილის დაწყობა, გაზაფხულზე ისინი გარეთ ეწყობა და რომ გახედოთ, უზარმაზარ, 500 კილოგრამიან თეთრ გორებს დაინახავთ",- ამბობს ის.

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az გამოეხმაურა, რომლის ცნობით, აფეთქება რუს ბიზნესმენ იგორ გრეშუჩშკინს უკავშირდება. გამოცემის თანახმად, სწორედ მას გადაჰქონდა 2 750 ტონა ამონიუმის გვარჯილა, რომლის ტრანსპორტირებისას გემი დაზიანდა და ბეირუთის პორტში შესაკეთებლად შევიდა. როგორც ირკვევა, იგორ გრეშუჩშკინმა გემის შეკეთების თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას ტვირთი ჩამოართვეს და უზარმაზარი ოდენობის ამონიუმის გვარჯილა პორტში 6 წლის განმავლობაში ინახებოდა.

მუშაობს თუ არა უსაფრთხოების სამსახური?

„უსაფრთხოების სამსახური ნამდვილად მაღალ დონეზე მუშაობს და პრაქტიკულად, გამორიცხულია რაიმე ინციდენტი. რაც შეეხება მაღაზიებს, ისინი ისეთი დიდი რაოდენობით ვერ შეიძენენ ამონიუმის ნიტრატს, რომ აფეთქება გამოიწვიონ. 5 ტომარაც რომ იდოს, 5 წლის განმავლობაში არაფერი მოხდება, სახლშიც მქონია რამდენიმე ტომარა, წლები და ვიცი რომ არაფერი მოუვა, თორემ არ დავაწყობდი".- განაცხადა მარლენ მჭედლიშვილმა.

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პორტთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატის აფეთქება დაუდევრობამ გამოიწვია და 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 250 000-დან 300 000-მდე ადამიანი კი საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

როგორც „როიტერს“ პორტის თანამშრომელმა განუცხადა, საწყობში ნიტრატის დიდი მარაგის არსებობის თაობაზე უამრავ უწყებას უშედეგოდ მიმართეს.

როგორც Pia.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეების დაშავებისა და გარდაცვალების შესახებ შეტყობინება არ შესულა.