დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში, კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის მერია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1-ელ და 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ორი ღია კონცერტი ჩატარდება.
„მასში სხვადასხვა თაობისა და მიმართულების შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, 1-ელ აგვისტოს, 19:00 საათზე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგება. მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალ კვირას უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება. პროექტის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ მერიაში.