ავსტრალიის სანაპიროსთან 270-ზე მეტი ვეშაპი დაბალ წყალზე აღმოჩნდა და მახეში გაება, მათგან მაშველებმა 90-ის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინციდენტი ავსტრალიასთან მდებარე კუნძულ ტასმანიაზე მოხდა. სანაპიროზე ვეშაპების ასეთი მასიური დაღუპვა აქ 2000-იანი წლების დასაწყისიდან არ დაფიქსირებულა. მაშველები შიშობენ, რომ დაღუპული ვეშაპების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
როგორც წესი, ნაპირზე გამორიყული ვეშაპი 3-4 დღის განმავლობაში ცოცხალი რჩება. შემდეგ ის წყლის ნაკლებობით ან საკუთარი სხეულის სიმძიმის გამო იღუპება. ერთ-ერთი ვერსიით სანაპიროზე ვეშაპების გამორიყვა სიუციდის აქტს წარმოადგენს.