რუსმა პოლიტიკოსმა, რლდპ-ს ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მთავრობას შესთავაზა, ლენინი გაყიდონ - მისი მყიდველი ადვილად მოიძებნება, ქვეყნის ბიუჯეტი კი საგრძნობლად შეივსება.
ფრანგი ბიზნესმენის სტეფან დისტანგიანის მიერ საფრანგეთის მთავრობისთვის შეთავაზებულმა წინადადებამ - ლუვრიდან „მონა ლიზა“ გაყიდონ და თანხა პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლას მოახმარონ, როგორც ჩანს, რლდპ-ს ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი შთააგონა - პოლიტიკოსმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, ლენინი გაყიდონ.
„ჩვენ შეგვიძლია, ლენინის მუმია გავყიდოთ. მყიდველი მოიძებნება: ჩინეთი, ვიეტნამი ან ვინმე კომუნისტი. მუმიის გაყიდვით ბიუჯეტში დიდი თანხა შევა. ლენინი მშვენიერ მდგომარეობაშია, ის ხომ, სულ რაღაც, 96 წლის მუმიაა,“ - წერს ჟირინოვსკი ტვიტერზე.
ვლადიმერ ლენინი 1924 წელს გარდაიცვალა. 1989 წლიდან დაიწყო მსჯელობა მისი ბალზამიერბული ნეშტის დაკრძალვაზე, თუმცა პროლეტარიატის ბელადის გაყიდვის იდეამ პირველად გაიჟღერა.