მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთ დღეში, რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს გამოსვლა, ევროკომისიის დასკვნაზე გავლენას ვერ მოახდენს“ - კახა გოგოლაშვილი ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ევროპული კურსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „პრეზიდენტის მცდელობები რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს, მისასალმებელია“. 

როგორც კახა გოგოლაშვილმა „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა სამწუხარო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობამ ბევრი შანსი გაუშვა და არ გააკეთა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, ამ პროცესში მას დიდი იმედი არ აქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვლება.

„პრეზიდენტის გამოსვლა სამწუხარო იყო იმ კონტექსტში, რომ მან აღიარა, რომ მთავრობამ ბევრი შანსი გაუშვა და ბევრი რამ არ გააკეთა ამ პროცესში. მეორე მხრივ კარგიცაა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს ,გულახდილი იყოს და გამოთქვას ის სიმართლე, რაც სახეზე არის. 

მისი მცდელობები, რაღაც მაინც რომ შეცვალოს გარკვეული თვალსაზრისით, მისასალმებელია, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი არ მაქვს, რომ ახლა რაღაცის შეცვლა შეიძლება. როდესაც ფიზიკურად ხედავენ ევროპის დედაქალაქებში, მაგალითად გარეთ გამოსული ადამიანების დიდ რაოდენობას ევროპის დროშებით და განწყობით, პრეზიდენტთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, ეს გარკვეულწილად ეფექტს იქონიებს. 

თუ ვინმეს ეჭვები ჰქონია აქამდე, რაღაც დამოკიდებულება შეიძლება შეცვალოს, მაგრამ ფუნდამენტურად რომ შეცვალოს დამოკიდებულებები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ალბათ მიღებული აქვს ქვეყნების უმეტესობას, ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა. 

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს იქნება მზად და შესაბამისად, რაც უნდა შთამბეჭდავი იყო ევროპის მოედანზე გამოსვლა, ეს ევროკომისიის დასკვნაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

თუმცა, გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად საქართველომ ყველა შანსი უნდა გამოიყენოს. 

„როგორც ვიცით, ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს იქნება მზად და გამოქვეყნდება. ასე რომ, ერთ დღეში, რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს გამოსვლა, ალბათ ზემოქმედებას ვერ მოახდენს ევროკომისიის დასკვნაზე. იმიტომ რომ ის უბრალოდ დაწერილი და შემუშავებულია. 

ამის მიუხედავად ჩვენ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ და არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლის შესახებაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი საუბრობდა. ის შეცდომები, რომლებიც მთავრობამ დაუშვა და თავის დროზე ძალიან ბევრი მიმართულებით რეაგირება არ მოახდინა. თუ შესაძლებელია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ განწყობების შეცვლას მაინც, ამისთვის ღირს, არ უნდა დავიზაროთ და უნდა შევიკრიბოთ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. 

გოგოლაშვილის განმარტებით, ევროკომისიის დოკუმენტი ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტია და მას ექსკლუზიურად მხოლოდ ევროკომისია არ ადგენს. 

„ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, არ გვეგონოს რომ ექსკლუზიურად მხოლოდ ევროკომისია ადგენს ამ დოკუმენტს. რა თქმა უნდა, ევროკომისიის პასუხისმგებლობაა და ამ დოკუმენტის ავტორი არის თავად, გნებავთ დავარქვათ დასკვნა ან მოსაზრება, მაგრამ ამ მოსაზრების შემუშავების პერიოდში კონსულტაციებს აწარმოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობებთან, სამუშაო ჯგუფებთან.

ევროკომისიის დოკუმენტი არ არის აუცილებელი, რომ სრულად გაითვალისწინოს ევროპულმა საბჭომ, როდესაც ის განიხილავს. იმიტომ რომ მოსაზრებები შეიძლება მიწოდებული იყო, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსაზრება იქნა გათვალისწინებული.

თუ ევროკომისიის დასკვნაში ძალიან დიდი შენიშვნები იქნება მითითებული და ნათქვამი, რომ არ იმსახურებს ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა ჯერ, რომ კანდიდატის სტატუსი მაინც მიეცათ ქვეყნისთვის თუ ევროკომისია უარყოფით დასკვნას დაწერს. 

თუ ევროკომისიამ დაწერა დადებითი დასკვნა და თუკი დაწერა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიენიჭება, იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს ერთი ან ორი სახელმწიფო, რომელიც თავს შეიკავებს. ასეთი გადაწყვეტილებების დროს აუცილებელია  კონსენსუსი. 

ვფიქრობ და საბოლოო ჯამში ისეთი წინათგრძნობა მაქვს და რაღაცნაირად ლოგიკურიც არის, რომ ამ ეტაპზე შეიძლება არ იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება, ვგულისხმობ 23-24 ივნისს და არ არის გამორიცხული, რომ ევროპულმა საბჭომ გადაიტანოს განხილვა სხვა მომენტისთვის. შეიძლება ერთი ან სამი თვის შემდეგ“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.  

ჟურნალისტის კითხვაზე, ყოფილა თუ არა მსგავსი პრაქტიკა, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ყოფილა. 

„რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები არაერთხელ იყო. საერთოდ ეს არის აბსოლუტურად უნიკალური შემთხვევა, როდესაც განაცხადის შეტანიდან სამთვე-ნახევრის შემდეგ გადაწყვეტილებაა კანდიდატის სტატუსთან მიმართებით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა“, - დასძინა კახა გოგოლაშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული  ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ამავე თემაზე: 

➖    გამოკითხვა - მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს?

➖   გეგმავთ აქციაზე წასვლას?

➖    მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მთავრობების, არამედ წევრი ქვეყნების მოსახლეობის განწყობებსაც - კახა გოგოლაშვილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

➖  „მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეზოლუციის ტექსტში არ ჩაწერილიყო, თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს“ - სალომე ზურაბიშვილი

➖    „16 ივნისს გთავაზობთ, ყველა შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე და დავანახოთ ევროპას ჩვენი ერთობა“ - სალომე ზურაბიშვილი

➖  „სალომე ზურაბიშვილი დღეს გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა“ - თინა ხიდაშელი