მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან ეარვეისს“ 16 000-ზე მეტი მგზავრის და რამდენიმე კომპანიის მიმართ ჯამში 176 მილიონი ლარის ვალი აქვს

განცხადება სპეც რეისებზე

„ჯორჯიან ეარვეისმა“ გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ განჩინება მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას 16 000-ზე მეტი მგზავრის და რამდენიმე კომპანიის მიმართ ჯამში 176 მილიონი ლარის ვალი აქვს. 

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამონაწერში და სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის შედეგად საზღვრების ჩაკეტვამ ავიაკომპანია ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა, რის გამოც მისი რეაბილიტაციის პროცესი უნდა დაიწყოს.

„გადახდისუუნარობის თაობაზე განაცხადის წარდგენისთვის მოვალის აქტივების საერთო ღირებულება უტოლდება 21,378,262 ლარს. ამავდროულად კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება აღწევს 175,854,075 ლარს. მოვალის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს მოემსახუროს ვადამოსულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოვალის გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება კრედიტორთა ერთობლივი ინტერესის დაცვის აუცილებელი და სავალდებულოდ გამოსაყენებელი გზაა.

შპს “ჯორჯიან ეარვეისს” აქვს ვალდებულებები 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლების და 16,168 მგზავრის წინაშე, რაც დასტურდება განაცხადზე დართული უწყისით.

განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მუშავდება რეაბილიტაციის გეგმა, რაც დაეფუძნება მოვალის საქმიანობის ისტორიული მაჩვენებლის გადამუშავებას და ანალიზს. რეაბილიტაციის ხედვა არსებული რეისებიდან შემოსავალს ეფუძნება, რომლებიც არსებული პანდემიის პირობებშიც კი უზრუნველყოფენ შემოსავლის გამომუშავებას. ცხადია პანდემიის გავლენის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია განხილულ იქნეს ახალი მოგებიანი მიმართულებების და რეგულარული თუ არარეგულარული ჩარტერული რეისების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოვალის შემოსავალს. მოვალის ძირითადი, მთელი წლის განმავლობაში მოგების მომტანი და ყველაზე უფრო სტაბილური მიმართულებებია: ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი. გამოთვლები მეტი სიზუსტისთვის სწორედ ამ ყველაზე სტაბილური რეისების მაჩვენებლებს დაეყრდნობა. ეს ოთხი რეისი საშუალოდ ყოველ წელიწადში 7,319,472 აშშ დოლარის ოპერატიულ მოგებას მოიტანს, დამატებით მოვალე შეასრულებს სეზონურ რეისებს რომლებსაც ისტორიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ყოველწლიური ოპერატიული მოგების 1,235,880 აშშ დოლარის მოტანა შეუძლია. ამ ოპერატიული მოგებიდან შესაძლებელი იქნება კრედიტორების ეტაპობრივი დაკმაყოფილება მოვალის ეკონომიკური გადარჩენის პარალელურად,” - აღნიშნულია დოკუმენტში.

კრიზისამდე ავიაკომპანიაში 275 ადამიანი იყო დასაქმებული.

„ჯორჯიან ეარვეისის“ 80%-იანი წილი ბიზნესმენ დავით გაიაშვილს ეკუთვნის, 20%-იანი წილი კი შპს „ჯორჯიან ეარ სერვისს“. გადახდისუუნარობის/რეაბილიტაციის პროცესს ნატო პაპიაშვილი ზედამხედველობს.