მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობისთვის დახმარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ - სოსო არჩვაძე გაიაფებულ წამლებზე

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე

28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა. ბიუჯეტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ეთმობა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება, რომელიც 1-ელ დეკემბერს პარლამენტმა დაამტკიცა. რეფერენტული ფასები გაიაფებული წამლების დამატებით 40%-მდე გაიაფებას გულისხმობს.

როგორ დაეხმარება აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებას, ამის შესაფასებლად Pia.ge ექსპერტ სოსო არჩვაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, გაიაფებული წამლები მოსახლეობის დახმარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად ატარებს იმ აქტიურ სოციალურ პოლიტიკას, რომლის მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, განსაკუთრებით შედარებით დაბალშემოსავლიანი და სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების დახმარება. ეს აქტი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და რომელიც ფარმაციის სფეროს ეხება, არის ერთ-ერთი ამ ფართომასშტაბიანი სოციალური პოლიტიკის ნაწილი.

რაც შეეხება წამლების გაიაფებას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად ეს ტენდენცია, წამლებისადმი დამოკიდებულება ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, მეორე მხრივ, მაღალი ასაკობრივი ჯგუფის პირები ეკონომიურად შედარებით მოწყვლად სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ. ამიტომ, როდესაც ბაზარზე უფრო იაფი წამლებისადმი იზრდება წვდომა, ის, პირველ რიგში, ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის არის დახმარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა არჩვაძემ.

ექსპერტმა, ასევე, განიხილა სააფთიაქო ქსელის, „პსპ-ს“ შემთხვევა. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ „პსპ-ში“ ფარმაცევტი მომხმარებელს ეკითხება, რომელი წამალი სურს, „ხარისხიანი ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული“. არჩვაძემ აღნიშნული ქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამით აფთიაქი, საზოგადოების ხარჯზე მოგების მიღებას ცდილობს.

„ასეთ შემთხვევებთან დამოკიდებულება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის კონტექსტში ვერ განვიხილავთ. ეს უფრო მორალის, ეთიკისა და საზოგადოების წევრებისგან გაკიცხვის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ეკონომიურ კონტექსტში რომ განვიხილოთ, ეს არის არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და კლიენტებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითი, რაც მორალურ გაკიცხვასა და მიუღებლობას ექვემდებარება. ეს ნაბიჯი მიმართულია, რომ გაყიდონ უფრო მეტი ძვირად ღირებული პროდუქცია და უფრო მეტი სარგებელი და მოგება მიიღონ საზოგადოების ხარჯზე“, - განაცხადა არჩვაძემ.

გარდა წამლებზე ფასების შემცირებისა, 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. მომავალი წლის ბიუჯეტი ისეთ საკითხებს ეთმობა, როგორიცაა სოციალურად დაუცველთა დახმარება, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფა, დასაქმების პროგრამა და განათლების რეფორმა.