მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოიყოფა 200 მლნ ლარი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით მიმდინარეობს. 

მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ინიციატივით ტურისტული სექტორის განვითარების მიზნით ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში 200 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც სრულად მოხმარდება ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 

ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების და უკვე არსებულის სრული რეაბილიტაციის მიზნით 200 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ბოლო სხდომაზე ისაუბრა. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ტურიზმის დარგისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა ქვეყნის ეკონომიკაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხდა, შედეგად კი ქვეყანა მიიღებს ახალ ტურისტულ მიმართულებებს სხვადასხვა რეგიონში, ახალ ტურისტულ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას და ახალ ტურისტულ პროდუქტებს.

„პირველ რიგში კი ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერებს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც პარლამენტს განსახილველად 30 ნოემბერს გადაეცა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის გაზრდილ ბიუჯეტში ტურიზმის მიმართულებით განაცხადა, ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.

„რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე, ჩემი დავალებით ეს პროგრამა უკვე გაკეთებულია, გამზადებულია, ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ უკვე კონკრეტულ გეგმას, როგორც არსებული ლოკაციების, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება აღნიშნული პროგრამა და მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 200 მლნ ლარს, 200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.