მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომის დასრულების სავარაუდო სცენარი? - რა მნიშვნელობა აქვს სევეროდონეცკის აღებას რუსეთისთვის

სევეროდონეცკი

უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი კვირების განმავლობაში რუსი სამხედროების მთავარი სამიზნე იყო. ასობით განხორციელებულმა შეტევამ, საარტილერიო და საჰაერო დარტყმებმა ძველი ინდუსტრიული ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია.

საბოლოო ჯამში, უკრაინელმა მხარემ განაცხადა, რომ ქალაქის დაცვა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლედ  დაუჯდებოდა, ამიტომ სამხედრო მეთაურებმა სევეროდონეცკის დატოვების ბრძანება გასცეს. 

არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ამ ქალაქის აღებამ რუსეთი ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვა.

მთელი ქვეყნის დაპყრობის თავდაპირველი მცდელობის წარუმატებლობის შემდეგ, მოსკოვმა ყურადღება დონბასის აღებაზე გაამახვილა. დონბასი ორი ოლქისგან, დონეცკისა და ლუგანსკისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანის აღება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, რომ თავის ხალხს კონფლიქტში „დიდი წარმატების“ მიღწევის შესახებ განუცხადოს. 

მიუხედავად ამისა, ლუგანსკის ოლქის მთლიანად აღება ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული. რუსეთს სჭირდება სევეროდონეცკიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი. ფიქრობენ, რომ სევეროდონეცკის დატოვების შემდეგ უკრაინული ძალები სწორედ ამ ქალაქში გადაიყვანეს. 

იმის გასაგებად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ლისიჩანსკი, ჩვენ უნდა გავიგოთ რეგიონის გეოგრაფია და როლი, რომელიც მან შეასრულა ომში.

ერთი თვის წინ ლისიჩანსკზე შეტევის ერთი მცდელობა რუსეთს მთელი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის დაკარგვად დაუჯდა. უკრაინულმა არტილერიამ ასობით კაცი და ათობით ჯავშანმანქანა გაანადგურა. 

სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის ყველა ხიდი განადგურებულია, ქალაქისკენ მიმავალ გზაზე გადასაკვეთი მდინარე კი რუსების ნებისმიერი წინსვლისთვის მნიშვნელოვან ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს. 

სავარაუდოა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლისიჩანსკში სტრატეგიულ სიმაღლეებს დაიკავებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს გარკვეული დროით რუსული თავდასხმები მოიგერიონ იმ შემთხვევაში, თუ რუსები მათ ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალების მცდელობა დაიცვან ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი „უაზრო და უშედეგოა“.

„ძალიან მალე „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მთელი ტერიტორია განთავისუფლდება. ჩვენი ჯარები უკვე იმყოფებიან ქალაქ ლისიჩანსკის მიდამოებში. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ უკრაინელი სამხედროების ყველა გადაადგილებას“, - განაცხადა კრემლის მიერ მხარდაჭერილი არმიის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ. 

რა არის რუსეთის საბოლოო მიზანი? შეეცდებიან თუ არა ისინი დონბასის აღებას, შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის დათანხმების იძულებას და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ანექსიას? 

მოვლენების მსგავსი განვითარება დამაჯერებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები მართლაც ისეა ამოწურული, როგორც ამას ბევრი ანალიტიკოსი ამბობს. 

დონბასის აღება და კონფლიქტის ამ გზით გაყინვა რუსეთისთვის წარმატებად ჩაითვლება, ეს მოსკოვისთვის ერთადერთი გზაა, რომ უკრაინაში წამოწყებული ომი თავისთვის სასიკეთო სცენარით დაასრულოს. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი უკრაინის ომის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა - ISW

👉 „რუსეთმა უკვე წააგო ომი“ - ენტონი ბლინკენი

👉 პუტინის ახლო მოკავშირე ლონდონს მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში „პირველი დარტყმით“ ემუქრება

👉 უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს - ბორის ჯონსონი

👉 ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვა