მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დივერსიის შედევრი“ - ექსპერტები ყირიმის ხიდის აფეთქების ვერსიებს განიხილავენ

ყირიმის ხიდი

ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად საავტომობილო ხიდის ორი სექცია ჩაინგრა, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებზე გადაადგილება შეჩერდა. BBC ექსპერტებს დაუკავშირდა და შეისწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა მსგავსი ტიპის აფეთქების მოწყობა და რა შედეგებს გამოიწვევს დღეს მომხდარი ეს ფაქტი. 

🎥 ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, დივერსიაა - რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებული მანქანის შესახებ მონაცემები შეგროვებულია. აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ეს, სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის მგზავრები არიან, რომელიც სატვირთო მანქანის სიახლოვეს გადაადგილდებოდა.

უკრაინას აფეთქებასთან კავშირი არ უღიარებია. კომენტარი მხოლოდ ზელენსკის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა:

„ყირიმი, ხიდი, ეს დასაწყისია. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - უკრაინას დაუბრუნდეს, ყველაფერი საოკუპაციო - განდევნილი უნდა იყოს“, - დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერში.

ბევრი ასაფეთქებელი ნივთიერება

დიდი ბრიტანეთის არმიის ასაფეთქებელი ნივთიერებების უფროსი ექსპერტი პოლ ადამსი ქერჩის (ყირიმის) ხიდის აფეთქებას „საიდუმლო დივერსიის შედევრს“ უწოდებს. მისი თქმით, დანამდვილებით შეიძლება იმაზე საუბარი, რომ საავიაციო შეიარაღება (ბომბები, რაკეტები) გამოყენებული არ ყოფილა, რადგანაც ხიდზე ნამსხვრევებისგან მიყენებული დაზიანებები არ შეინიშნება.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ კონსტრუქციაზე შეტევა ხიდის ქვევიდან განხორციელდა. ის ვარაუდობს, რომ ეს იყო რადიომართვადი ნაღმი ან ნაღმები, რომლებიც დისტანციურად აფეთქდა.

👉 „რუსებმა ვერ გათვალეს, რომ შეიძლებოდა, პუტინის დაბადების დღეს უკრაინას სადმე „სიურპრიზი“ მოეწყო“ - ზაქარეიშვილი

ავსტრალიის არმიის გადამდგარი გენერალი მიკ რაიანი ტვიტერში წერს, რომ ასეთი ხიდის ჩასანგრევად „ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებაა საჭირო. ხელით მისი  მიტანა შეუძლებელია - ამბობს გადამდგარი გენერალი. აი, სატვირთო ავტომობილით მიტანა კი სავსებით შესაძლებელია. მაგრამ აფეთქება კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ მომენტში უნდა მოხდეს, რადგანაც რკინა-ბეტონის ხიდები ერთ-ერთი ყველაზე მყარი კონსტრუქციაა.

„რეალურად ასეთი ხიდის აფეთქებას ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული რამდენიმე სატვირთო მანქანა ან რამდენიმე დიდი ზომის ბომბი/რაკეტა დასჭირდებოდა, რომელიც კონკრეტულ ადგილას უნდა აფეთქდეს. ამას კი აფეთქების სწორი და კარგად გააზრებული გეგმა სჭირდება“, - ამბობს ყოფილი სამხედრო. 

რუსეთის ოფიციალური ვერსიით, სატვირთო მანქანის აფეთქებამ ხიდზე მდგარი სარკინიგზო ცისტერნების აალება გამოიწვია. საავტომობილო ხიდზე ორი სექცია ნაწილობრივ ჩაინგრა.

მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა შეკითხვა ჩნდება. ხიდზე ძალზე მკაცრი უსაფრთხოების სისტემა მოქმედებს. ნებისმიერ მანქანას ასაფეთქებელ ნივთიერებაზე ამოწმებენ. ამისთვის რადიოტქენიკური კომპლექსები СТ-6035 გამოიყენება. მანქანებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საუწყებო დაცვის სამსახური ამოწმებს, რომელსაც ყირიმის ხიდის დაცვის სპეციალური სამთავრობო კონტრაქტი აქვს და მასში წელიწადში ათობით მილიონ რუბლს იღებს.

„სატვირთო ავტომობილის აფეთქების ვერსია დიდ რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ხიდზე მიტანის პრობლემას ხსნის“, - განუცხადა BBC-ს ისრაელელმა ექსპერტმა დავიდ გენდელმანმა.

მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა და ცნობილი იყო, რომ უკრაინას არ აქვს საჰაერო თავდასხმის ისეთი საშუალებები (რაკეტები, ბომბები), რომ ხიდის დაზიანება რეალური იყოს და ამას მხოლოდ პროპაგანდისტული ეფექტი არ ჰქონოდა.

„ალბათ გადაწყვიტეს, რომ თუ საკმარისი რაოდენობის ასაფეთქებელ ნივთიერებას იქ მიფრენა არ შეუძლია, მაშინ სამანქანო გზით უნდა მიიტანონ“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, დივერსიული ოპერაცია მაღალ დონეზე იყო ჩატარებული: დივერსიის მომზადება, შემოწმების გვერდის ავლა, ასაფეთქებლის მიტანა დანიშნულების ადგილას, სწორ მომენტში აფეთქება.

სამხედრო ლოგისტიკის მოჭრილი გზები

სამხედრო ექსპერტი მიკ რაიანი ვარაუდობს, რომ ხიდის აფეთქება შეიძლება ყირიმის დაბრუნების გეგმაც იყოს და, ამავდროულად, მას შეუძლია რუსი სამხედროების ყურადღების გადატანა უკრაინის სხვა ოკუპირებული რეგიონებიდან. ხიდის აფეთქების ძირითადი შედეგი კი ლოგისტიკური ჯაჭვის დარღვევაა, თანაც საუბარია როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო ლოგისტიკაზე. ხიდის აფეთქებას უკვე მოჰყვა ყირიმის ნახევარკუნძულზე საწვავის და სხვადასხვა სახის ტვირთების მიწოდების პრობლემები.

შესაბამისად, რუსეთისთვის ადრე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა. ახლა რუსეთიდან ყირიმში სახმელეთო გზით მისვლა მხოლოდ მელიტოპოლის გავლით არის შესაძლებელი. ამასთანავე, რუსეთის ხელისუფლება ხიდის მოკლე ვადაში აღდგენის პირობას დებს. სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა უკვე შაბათს იგეგმება.

„ნებისმიერ შემთხვევაში ახლა მელიტოპოლის შენარჩუნება რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ხდება და ჩვენ შეიძლება ძალების გადასროლა ვიხილოთ, რაც სხვა მიმართულებებს დაასუსტებს“, - ამბობს რაიანი.  

სურსათის მიწოდება ყირიმში სწორედ დონბასის და მელიტოპოლის გავლით იგეგმება.

ხიდის აფეთქება, ასევე, აჩვენებს მსოფლიოს, რომ რუსეთის არმიას ადრე დაკავებული ტერიტორიის გაკონტროლება არ შეუძლია. ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ყირიმის დატოვებას დაიწყებენ, ხოლო რუსეთის შიგნით პუტინის და ქვეყნის  შეიარაღებული ძალების მიმართ უნდობლობა მხოლოდ გაიზრდება.

„დიდი უსიამოვნებები“

„რუს სამხედროებს ახლა შეიძლება სერიოზული უსიამოვნებები შეექმნათ. ყირიმის ხიდი რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო მიმომხილველი ლოურენს ფრიდმანი.

მისი თქმით, რა რაოდენობის დაჯგუფებაც არ უნდა ჰყავდეს რუსეთს უკრაინაში და რაოდენ კარგად არ უნდა იყვნენ ისინი შეიარაღებულები, მათი უზრუნველყოფის გარეშე ჯარი საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ვერ შეძლებს.

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც ამბობს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება უკრაინის სამხრეთ ნაწილში მყოფი რუსეთის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობას მნიშვნელოვნად შეასუსტებს.

„ისინი ამ გზით სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალებს, საწვავს იღებდნენ. ქერჩის ხიდით ამ ყველაფრის მიწოდება ახლა შეუძლებელი გახდა“, - ამბობს გერაშენკო.

BBC-ის კორესპონდენტი პოლ ადამსი წერს, რომ საერთო ჯამში ხიდის აფეთქების მიზანი გასაგებია - ყირიმმა უნდა დაკარგოს პლაცდარმის და სასტარტო მოედნის როლი სამხრეთ უკრაინაში მყოფი რუსეთის ჯარისთვის.

„ყველა სხვა შედეგთან ერთად ხიდის ჩანგრევას უზარმაზარი პროპაგანდისტული ეფექტი აქვს. ახლა შეიძლება გაიზარდოს დარტყმების რაოდენობა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, რადგანაც რუსული მხარე მის ობიექტებზე ასეთ შეტევებს  ძალზე მტკივნეულად აღიქვამს“, - ამბობს დავიდ გენდელმანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყირიმის ხიდი განადგურებულია“ - უკრაინის საჰაერო ძალები

🔴 უკრაინელებმა პუტინს დაბადების დღეზე შესანიშნავი საჩუქარი მიართვეს - იგორ გირკინი

🔴 ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, დივერსიაა - რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი

🔴 ყირიმის ხიდის აფეთქების „მიზეზების დასადგენად“ პუტინმა მიშუსტინს სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა