მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის სიძე ქართული ფესვებით - ვინ არის იგორ ზელენსკი?

პუტინის სიძე ქართული ფესვებით - ვინ არის იგორ ზელენსკი?

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქალიშვილს, კატერინა ტიხონოვას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოგვარე პარტნიორი ჰყავს, - ამის შესახებ Dailymail-ი გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ზე დაყრდნობით იუწყება

უკრაინაში შეჭრის გამო, პუტინის 35 წლის ქალიშვილის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მისი რეგულარული ფრენები მოსკოვიდან მიუნხენში შეაჩერა. 

მისი ახალი პარტნიორი, რომელთანაც ორი წლის ქალიშვილი ჰყავს, 52 წლის იგორ ზელენსკია - ცნობილი ბალეტმაისტერი, რომელიც ომის დაწყებამდე გერმანიაში ბავარიის სახელმწიფო ბალეტს ხელმძღვანელობდა.

მანამდე კატერინა ტიხონოვა ყველაზე ახალგაზრდა რუს მილიარდერზე, 40 წლის კირილ შამალოვზე იყო დაქორწინებული. 

ისინი 2017 წელს დაშორდნენ, რის შემდეგაც პუტინის უმცროსმა ქალიშვილმა ურთიერთობა დაიწყო ბალეტის ვარსკვლავთან, რომელიც მანამდე, ასევე, დაქორწინებული იყო ქორეოგრაფ იანა სერებრიაკოვასთან. ზელენსკის წინა ქორწინებიდან ორი ქალიშვილი და ვაჟი დარჩა.

პუტინის ქალიშვილი ხშირად მიემგზავრება მიუნხენში სახელმწიფოს სრული მხარდაჭერითა და დაცვით, რათა თავის პარტნიორთან დრო გაატაროს. 2022 წლის დასაწყისში და უკრაინის ომამდე, როგორც ჩანს, იგი გერმანიაში იგორ ზელენსკისთან ერთად ცხოვრობდა.

გერმანული გამოცემის მიერ ჩატარებული გამოძიების ანგარიშში ნათქვამია, რომ ორი წლის განმავლობაში, 2017 წლიდან 2019 წლამდე, პატარა გოგონას დედას რამდენჯერმე მოუწია მოსკოვიდან მიუნხენში და მიუნხენიდან მოსკოვში ჩაფრენა.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ აღმოაჩინა ფრენების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელშიც ტიხონოვა, ზელენსკი, ბავშვი, ძიძები და დაცვის თანამშრომლები იყვნენ მოხსენიებული. დადგინდა, რომ ორი წლის განმავლობაში პუტინის ქალიშვილი 50-ზე მეტჯერ გაფრინდა მიუნხენში, სადაც ზელენსკი მუშაობდა.

ზელენსკიმ, რომელიც წარმოშობით რუსია, მაგრამ ქართული ფესვები აქვს, გასულ თვეში დატოვა ბავარიის სახელმწიფო ბალეტი, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში პუტინის სისხლიანი ომის დაგმობაზე უარი თქვა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ როდესაც Der Spiegel-ის წყაროს ბავარიის ბალეტში მისი ყოფილი ხელმძღვანელის შესახებ ჰკითხეს, მან მაშინვე უპასუხა, რომ ზელენსკი სავარაუდოდ, პუტინის ქალიშვილის პარტნიორი იყო.  

2019 წლის ბოლოს კატერინა ტიხონოვას, როგორც ჩანს, მობეზრდა მიუნხენში გამუდმებული ფრენა და გადაწყვიტა, პარტნიორთან გადასულიყო. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს პუტინის ქალიშვილის მცველის ალექსეი სკრიპჩაკის არქივის ერთ-ერთი წერილი.

წერილში ტიხონოვას პარტნიორი ზელენსკი აღწერილია, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბალეტის მოცეკვავე, სანკტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრისა და ნიუ-იორკის საბალეტო კომპანიის ვარსკვლავი.

იგორ ზელენსკი 1969 წელს კრასნოდარში დაიბადა, სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვახტანგ ჭაბუკიანის კლასში. 

2016 წელს, მიუნხენში თანამდებობის დაკავებამდე და პუტინის ქალიშვილთან ურთიერთობის დაწყებამდე, მან კომენტარი გააკეთა პუტინის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ საომარ მოქმედებებზე.  

„პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და დამშვიდდნენ. ხელოვნება გადაარჩენს მსოფლიოს”, - განაცხადა იგორ ზელენსკიმ. 

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ მას მოსკოვში მაღალი დონის მფარველები ჰყავდა, მაგრამ პუტინის ოჯახს ახლა იგი პირველად დაუკავშირეს. 

ბავარიის სახელმწიფო ოპერის მმართველმა დირექტორმა სერჟ დორნიმ განაცხადა, რომ ზელენსკის გერმანული ბალეტიდან წასვლა უკრაინის ომს უკავშირდებოდა.

„მას რამდენჯერმე ვესაუბრე და მე მივიყვანე იმ დასკვნამდე, რომ უნდა წასულიყო. მას ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია“, - აღნიშნა დორნიმ. 

ტიხონოვა, რომელიც პუტინს ყოფილი ცოლისგან ლუდმილა ოჩერეტნაიასგან ჰყავს, დაიბადა მაშინ, როცა მამამისი გერმანიაში „კაგებე“-ს ჯაშუში იყო. 

მისი უფროსი და მარია ვორონცოვა დაიბადა 1985 წელს, არის ენდოკრინოლოგი და სამედიცინო კომპანიის თანამფლობელი. 1986 წელს დაბადებული ტიხონოვა აკადემიასა და ბიზნესშია. ის, ასევე, ნიჭიერი მოცეკვავეა და მონაწილეობდა საერთაშორისო როკენროლის კონკურსებში.

ტიხონოვას, ასევე, ჰყავს 19 წლის ნახევარდა ლუიზა როზოვა პუტინის ყოფილი საყვარლის, დამლაგებლის, რომელიც მოგვიანებით მულტიმილიონერი გახდა, 45 წლის სვეტლანა კრივონოგიხის ქალიშვილი. 

კრივონოგიხი ახლა მსხვილი რუსული ბანკის ერთ-ერთი მეწილეა, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი, რომლის ფინანსური და ქონებრივი სიმდიდრე დაახლოებით 90 მილიონი დოლარია.