მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების გეგმა უნდა შევიმუშაოთ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების კონკრეტული გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მომდევნო დღეებში ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის ვიდეოკონფერენციაა დაგეგმილი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მოსკოვის არანაირ „წითელ ხაზებს“ არ მიიღებს.

ამჟამად უკრაინის საზღვართან 94 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, 2022 წლის იანვრის ბოლოს მოსკოვი შეიძლება ფართომასშტაბიან შეტევას აპირებდეს.

ამის საპასუხოდ კი მოსკოვი კიევს და აშშ-ს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს, კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევით ოპერაციას თავად გეგმავს, რასაც უკრაინის ხელისუფლება უარყოფს.

„მე ვაერთიანებ იმ ინფორმაციას, რაც არსებობს და მინდა ისეთი ინიციატივებით გამოვიდე, რომლის შედეგად ბატონ პუტინს გაუჭირდება შეტევის განხორციელება და იმის გაკეთება, რისიც ადამიანებს ძალიან ეშინიათ“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან ასევე დაამატა, რომ პუტინთან დიდი დისკუსიის ჩატარებას აპირებს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე დღის წინ კვლავ განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული ეკონომიკური სანქციები იგეგმება. ამის მიზანი რუსეთის მავნე მოქმედებების შეჩერებაა და ამ ინსტრუმენტების გამოყენებას დასავლეთი მომავალშიც გეგმავს.