მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აქ დანაშაულების საკეთებლად არ ჩამოვსულვარ“ - სასამართლომ გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა

გალიფ ოზთურქი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სარჩელი ოზთურქის მიერ მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ან გადაგზავნას ეხებოდა.

ბიზნესმენის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლოზე წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. კახიძის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.

გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თავად ბიზნესმენი პროცესს დისტანციურად დაესწრო.

„საქართველო ვიცი როგორც სამართლიანი. ვენდობი თქვენს სასამართლოს. შეხება არ მქონია ამ საქმესთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და მჯერა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მე საქართველოში ბიზნესისა და ტურიზმის გარდა არაფერი გამიკეთებია. აქ დანაშაულების საკეთებლად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი კეთილი საქმეებისთვის. აქ ვარ როგორც შანტაჟის მსხვერპლი“, - განაცხადა ოზთურქმა.

ცნობისთვის, გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.