მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ახალ გარემოებაზე მიუთითებს

ბასილაშვილის საქმე სააპელაციოში

სააპელაციო სასამართლოში ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ ახალი გარემოებები გამოავლინა, რომელთა საქმეში დართვაც დღევანდელ პროცესზე მოითხოვეს.

საქმე ეხება სპორტსმენის ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნას, რომლის ავტორიც, პროკურორის მტკიცებით, მიკერძოებულია, რადგან ის ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ საჯარო სივრცეში მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებდა. აქედან გამომდინარე, პროკურორი ნათია გურული ეჭვქვეშ აყენებს დასკვნას, რომელშიც წერია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან თავად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 

„ბრალდების მხარემ ახლად გამოვლენილი გარემოებების სახით წარადგინა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, დაცვის მხარის მიერ დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის ტენდენციურობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარემ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, თითქოსდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ბრალდების მხარე ეჭვქვეშ აყენებდა ამ ექსპერტის ობიექტურობას და სწორედ აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ დამატებით მოპოვებული ინფორმაცია“, - განუცხადა ნათია გურულმა ჟურნალისტებს. 

ბრალდების მხარე საჭიროდ მიიჩნევს, ნეკა დოროყაშვილი კიდევ ერთხელ გამოიკითხოს სასამართლოს წინაშე. 

სასამართლო სხდომის შემდეგ, მედიასთან კომენტარი ასევე გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

„ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ნელი დოროყაშვილს თურმე სურდა რაღაც მტკიცებულების წარდგენა, თუმცა, იქვე დაადასტურა, რომ აღნიშნული მტკიცებულება ბრალდების მხარეს უკვე წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში და ის გამოკვლეული იყო“, - ამბობს ჭკადუა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს ედავება. მათ შორის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს. პირველ ინსტანციაში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ საქმეზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 7 აპრილს არის ჩანიშნული.