მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედლით დაბრუნდნენ

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში გამართულ „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის თერთმეტი ოქრო, რვა ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.

ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. საერთაშორისო ტურნირი აშშ-ში, ლას-ვეგასში მდებარე საჰაერო ბაზაზე ჩატარდა და თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის 6 სახეობაში - პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მიიღო მონაწილეობა.

აშშ-ში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც სან-დიეგოში, საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.