მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირბადეების არ გამოყენება დაახლოებით ისეა, როგორც ომში წასვლისას ყველა ფიქრობს, რომ ის არ დაიღუპება“ - თენგიზ ცერცვაძე

პირბადე
1620821159
COVID-19

„ჩვენ რომ იანვარ-თებერვალში დაგვეწყო აცრების ჩატარება, მაშინ ჩვენთანაც დღეს იქნებოდა არა პიკი, არამედ დაღმავალი ტალღა და შესაძლოა რომ ის შეზღუდვები, რომელიც არის, მოხსნილი ყოფილიყო“- განაცხადა ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადეები, რადგან დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები.

„განსაკუთრებით რეგიონებში დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. ვინც პირბადეს არ ატარებს, მათ თავისი სიმართლე აქვთ. რომ შეეკითხოთ განგიმარტავენ: „მე არ მეშინია კორონასი“, „ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა მე მეკუთვნის“ - ეს დაახლოებით ისეა, როგორც ომში რომ მიდიან ყველა ფიქრობს, რომ ის არ დაიღუპება, თორემ რომ იცოდნენ არავინ არ წავიდოდა ომში. ბევრს არც კი სჯერა COVID 19-ის არსებობს.

არა თუ არ იკეთებენ ვაქცინას, თავსაც კი იწონებენ ამით, ჩვენ ამის მაგალითები სოციალურ ქსელში გვხვდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, უცხოეთშიც არავის მოსწონს პირბადეების ტარება, თუმცა 90% იცავს რეგულაციას.

უნდა ატაროთ პირბადეები. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ხართ, შესაძლოა COVID 19-თ დაინფიცირდეთ და ეს მძიმედ დასრულდეს; მეორე - შენ ხარ ინფექციის წყარო; მესამე - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩივიან და პროტესტს აცხადებენ, თუ როდის მოიხსნება შეზღუდვები და ლოკდაუნი, ბუნებრივია წელიწად-ნახევრის განმავლობაში შეწუხდნენ სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვებით, მაგრამ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში გაცილებით მეტია ასეთი მკაცრი რეგულაციები,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

მან, ასევე, ისაუბრა ვაქცინაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ თუ გაცილებით ადრე დაიწყებდა ქვეყანა ვაქცინაციას, დღეს გარკვეული მკაცრი რეგულაციები უკვე აღარ გვექნებოდა.

„ჩვენ რომ 70 ათასი ადამიანი გვყავს აცრილი, ამით ავტომატურად, ისე რომ მათ არც იციან, მინიმუმ 210 ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი.

ჩინური ვაქცინის შემოტანა ქვეყანას შეეძლო იანვარ-თებერვალში, მოსახლეობის ნაწილი კი კატეგორიულ უარს აცხადება ვაქცინაციაზე. ჩვენ რომ მაშინ დაგვეწყო აცრების ჩატარება, მაშინ ჩვენთანაც დღეს იქნებოდა არა პიკი, არამედ დაღმავალი ტალღა და შესაძლოა რომ ის შეზღუდვები, რომელიც არის, უკვე მოხსნილი ყოფილიყო,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 325665-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 304935 პირი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

ასევე 12 მაისს, 20:00 საათზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის მსურველებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა. იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა ახლა უკვე 45 წლის და უფროს მოქალაქეებს შეუძლიათ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„მესამე ტალღის პირას კი არა - პიკში ვართ“- თენგიზ ცერცვაძე

✔️რა ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✔️„ვაქცინაციის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტივობა“ - თენგიზ ცერცვაძე