მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატალია ილიჩოვა: წადით საზღვართან და შეადარეთ რამდენად სწორია ეს რუკები

დავით გარეჯის საქმეზე

გუშინ, 8 ოქტომბერს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დაკავებულმა ნატალია ილიჩოვამ სასამართლოზე განაცხადა, რომ 200 000-ანი რუკა მათ სულ ჰქონდათ, მაგრამ ეს 1936 წლის არის.

„ამ რუკის თანახმად ჩვენ გადავდივართ 1929 წელს და თუ ჩვენ ამ დოკუმენტზე ვსაუბრობთ ეს არის. დოკუმენტში კი საუბარია იმაზე, რომ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი არის ჩიჩხიტურის კოშკზე.

დღეს, როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობ, რომ აქ რაღაც იკარგება ეს არაკორექტულია. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა ეს ნამდვილად მე გავაკეთე თუ ვარაუდია? “, - აღნიშნა ნატალია ილიჩოვამ.

მისი თქმით, მან და ივერიმ მთელი საზღვარი ფეხით მოიარეს და ყველა რელიეფი შესწავლილი აქვთ.

„სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ამ პროცესისას რუკების შედარება შეიძლება მაგიდასთან, მაგრამ წადით საზღვართან და შეადარეთ რამდენად სწორია ეს რუკები“, - დასძინა მან.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.