მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოღაიდელი: ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ვიცნობ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ იცნობს.

ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ საზღვრის დადგენის საკითხში უშიშროების საბჭოს სხდომებში იყო ჩართული. ამ შეხვედრებს კი, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი არ ესწრებოდნენ.

ჩემი გამოკითხვა არ ეხებოდა ექსპერტების დაკავებას, რადგან იმ ხალხს არ ვიცნობ, ჩემი გამოკითხვა ჩემი წერილის ირგვლივ იყო.

პირდად მე, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს განვიხილავდი მხოლოდ, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში.

ერთ-ერთ სხდომაზე იყო ამ საკითხის განხილვა, სადაც პირდაპირ დაისვა საკითხი, თუ რომელ მხარეს იქნებოდა დავით გარეჯის სამი სალოცავი. 2005 წელს იყო ამ უშიშროების საბჭოს შეხვედრა. საუბარია ჩიჩხიტურის, უდაბნოს და ბერთუბნის სალოცავებზე“,- აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.

მას არც ამ სხდომის მომხსენებელი ახსოვს, ამასთან ამტკიცებს, რომ იქ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი არ იმყოფებოდნენ.

„ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საერთოდ არ ვიცნობ, არ შევხვედრივარ. არ მახსოვს, იყვნენ თუ არა ოდესმე იმ უშიშროების სხდომაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, მათ მუშაობასაც არ ვიცნობ“,- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელებში გასაჯაროვდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აზერბაიჯანის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს.

გარდა ამისა, ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა.

საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.