მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერ შემთხვევაში, დაპირისპირება რუსული თამაშია, ის ომისთვის საბაბს ეძებს“ - ვახტანგ ძაბირაძე უკრაინაზე

პოლიტოლოგი

„როგორი დანაშაულიც და როგორი ქმედებაც არ უნდა იყოს, არ ვთვლი, რომ ახალ ღირდეს ვითარების გამწვავება და მით უმეტეს, დაპირისპირება. რუსეთი საბაბს ეძებს, რათა დაიწყოს საომარი მოქმედებები“, - ასე აფასებს უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაბრუნებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. 

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, დაპირისპირება ერთმნიშვნელოვნად რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ახლა ვითარების გამწვავება ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ იმუშავებს. 

„ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რომ იყოს გასამართლებული და ჰქონდეს მისჯილი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ახლა არ მგონია, რომ ღირდეს შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამწვავება, ვიდრე სიტუაცია არ დაწყნარდება. ეს ძალიან ელემენტარულია, რადგან ამ შემთხვევაში ნებისმიერი გართულება იმუშავებს არა კანონის უზენაესობის, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ. 

შესაძლოა, ეს იყოს ზელენსკის ინტერესში, მაგრამ პრობლემა ის კი არაა, ვის რა ბრალი აქვს წაყენებული ან რისთვის ექნება, პრობლემა გარე ვითარებაა. როდესაც უკრაინის საზღვართან რუსული არმიაა მობილიზებული, როცა დიპლომატიური კორპუსის ევაკუირება ხდება უკრაინიდან, ამ დროს თუ ზელენსკი არ თამაშობს რუსულ თამაშს, უნდა მიიღოს განკარგულება და შეწყვიტოს ეს დევნა, ხოლო თუ პოროშენკო არ თამაშობს რუსულ თამაშს, საზღვარგარეთ დარჩენილიყო ცოტა ხნით, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, რადგან დაპირისპირება ყველა ვარიანტში, რუსული თამაშია“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე თქმით, როგორც უკრაინა, ისე საქართველო ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და ორივე ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა დროებით გვერდით უნდა გადადონ საკუთარი ინტერესები და ქვეყანაში სტაბილური ვითარება შეინარჩუნონ, რათა დაპირისპირება რუსეთის მიერ პროვოკაციის მოწყობაში არ გადაიზარდოს. 

„შესაძლოა, შეიქმნას გარკვეული საბაბი რუსეთისთვის, რომ კიევში დაიწყო სამოქალაქო მოძრაობები და მას საფრთხე ემუქრება. სხვათა შორის, იგივეა საქართველოსთან მიმართებითაც. სანამ ეს სიტუაცია არ დაწყნარდება, რუსეთსა და უკრაინაში, არ ვარ მომხრე, რომ რადიკალური, მასშტაბური აქციები გაიმართოს ქვეყანაში. პროვოცირებისას ერთხელ უკვე წავიტეხეთ კისერი 91-92 წლებში და კიდევ არ ვიცით, ვინ ისროლა პირველმა და ვინ მეორემ. ამიტომ, რთული ვითარებაა, მესმის, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ჯობია, ყველამ თავი შეიკავოს, უკრაინაშიც და საქართველოშიც, თორემ თუ ეს დაპირისპირება რაიმე პროვოცირებას დაექვემდებარა, მაშინ რუსეთი იტყვის, რომ მის სამხრეთით არასტაბილური გარემოა და ამ მოტივით შეიძლება შევიდეს უკრაინაში.

დიდი სიფრთხილეა საჭირო, საკმაოდ მძიმე განსაცდელის წინაშე ვდგავართ ზოგადად, რადგან რუსეთმა როგორ ჩანს, გადაწყვიტა საბჭოთა იმპერიის აღდგენა და ამ პირობებში იმაზე საუბარი, რომ კანონის უზენაესობაა მთავარი და დაპირისპირებაა ერთადერთი გამოსავალი, მგონი ეს სრულიად რუსული თამაშია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა.

პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატის საქმის ფიგურანტია. სისხლის სამართლის საქმე 2014-2015 წლებში დონბასში, კიევის მიერ უკონტროლო ტერიტორიებიდან ქვანახშირის უკანონო შეძენას ეხება. მთავარი ბრალდებული პარტია „ოპოზიციური პლატფორმის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკია.