მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბურთი ისევ ივანიშვილს გადაუგდო - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებაზე 

პოლიტიკური მიმომხილველი

„ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ზაზუნას დღეს ჰგავს სააკაშვილის პროცესი, იმიტომ რომ პერიოდულად ერთი და იგივე მეორდება“. 

ჩერგოლეიშვილს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი განცხადებით ბურთი კვლავ ბიძინა ივანიშვილს გადაუგდო. 

„პოლიტიკური პროცესი ახსენეთ და ეგ პროცესი რაც ქვეყანაში ხდება, უკვე ხმამაღალი ნათქვამია, ეს არის რაღაცნაირი ჭაობი, სეპტიკური პროცესია და არა პოლიტიკური, რომელიც ალპობს ქართული პოლიტიკის უჯრედებს და რომელზედაც დამოკიდებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღება. 

პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთან ძალიან სამწუხარო სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე, სადაც ყველაფერი მოსულა. ახლა კი რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩემთვის ზაზუნას დღეს ჰგავს სააკაშვილის პროცესი, იმიტომ რომ პერიოდულად ერთი და იგივე მეორდება. ყველაფერი ეწყობა პატრიარქზე, მერე უცებ გადაეწყობა სალომეზე, მერე ისევ უცებ გადაეწყობა, რომ ცუდად არის და კვდება. 

რასაკვირველია, სააკაშვილი საერთოდ არ უნდა იჯდეს ციხეში, მიმაჩნია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, თუ რაიმე დანაშაული ჰქონდა მას, უნდა გაესამართლებინა თავისუფალ სასამართლოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. უბრალოდ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და რიკოშეტის იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ვუსმინეთ სალომე ზურაბიშვილს და თქვა, რომ „სასამართლომ უნდა გამოუშვას“, მან ისევ ბიძინას გადაუგდო ბურთი. 

სასამართლო ვის ქვეშაც არის, ეს ჩვენ ვიცით. ახლა არ ვიცი სალომე რიკოშეტივით რას გააკეთებს, შეიძლება მომენტი დადგეს, როდესაც დაინახა, რომ ბიძინას საქმე ძალიან ცუდად მიდის, თვითონ ევროპელია ქალია და შეიძლება თავის გადარჩენის მიზნით რაღაც ქნას. ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს, ეს არის ამ ყველაფერში ჩემი დასკვნა“, - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა. 

მისივე შეფასებით, სააკაშვილთან მიმართებით დასავლეთს თავი დიდად არ გამოუჩენია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე ემუქრება, შესაძლოა ზურაბიშვილს „მიაწვნენ“. 

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გიორგი გახარიაც მეგონა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა,  დღესაც მგონია, რომ ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ რაღაცები გააკეთა ისე, რომ ივანიშვილი დააზიანა. რეალურად მაშინ რაც მოხდა, ამან ივანიშვილს პროცესი დაუზიანა და დასავლეთში ლეგიტიმაცია დააკარგვინა, იმიტომ რომ გახარია დავარცხნილი მაინც იყო იქ რომ ჩადიოდა. 

ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილთან მიმართებით დასავლეთს თავი დიდად არ გამოუჩენია და თუ დარწმუნდებიან დასავლეთში, რომ მართლა მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ამ შემთხვევაში შეიძლება სალომეს „მიაწვნენ“ და იძულებული გახდეს ზურაბიშვილი, რომ რამე ქნას“, - დასძინა თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

ამავე თემაზე: 

🔴 თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით - წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე

🔴 თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სალომე ზურაბიშვილი