მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ჩემთვის პუტინის პატიმარია, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“ - გიორგი მარგველაშვილი

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის ხაზგასმით პუტინის პატიმარია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. რამდენიც უნდა გვქონდეს უთანხმოება ერთმანეთთან ან წარსულში, ან მომავალში, პუტინის უმთავრესი ინტერესია, რომ იგი ქართველების ხელით იყოს დაპატიმრებული და გამოკეტილი“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან საუბრის მთავარი თემა გეოპოლიტიკური ვითარება იყო, რომელშიც საქართველოსა და უკრაინისთვის მთავარი საფრთხე - რუსეთია. 

„პირველ რიგში, ვსაუბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოზე, რაც საქართველოს წინაშეა ამ დღეებში. დეტალურად განვიხილეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები საქართველოს ირგვლივ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. 

რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც, ასევე, უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან ახლობელ უკრაინას და ეს ავტომატურად, სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. ასევე, ვსაუბრობდით, რომ ჩვენი როგორც ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების ვალია გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში მთელ ამ დაპირისპირებას, რაც ჩვენ შორისაა, შესაძლოა, ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს და ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი გამოწვევის წინააღმდეგ გაერთიანების საფუძველი“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილთან მისი გათავისუფლების თემა არ განუხილავს. 

შეგახსენებთ, რომ მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდა. 

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, რომ ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც მთელი საზოგადოება ჩაებმება.

მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა 3 პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატი გააჟღერა, მიხეილ სააკაშვილმა კი ორი პრეზიდენტი შესახვედრად გორის ჰოსპიტალში მიიწვია

გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით 20 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს, შესაბამის უწყებებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მარგველაშვილისთვის მისი მონახულების უფლება მიეცათ.

22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს.

ამავე თემაზე: 

🔴 „ეს პრობლემები არ იქნებოდა, მარგველაშვილს უფრო გაბედულად რომ ემოქმედა, როცა ძალაუფლება ჰქონდა“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

🔴 „დროა ახალგაზრდული ჯახიდან გამოვიდეთ და უფრო დამწიფებულ, სერიოზულ პოლიტიკაზე გადავიდეთ“ - პრეზიდენტი

🔴 „შერიგება შედეგია და არა საწყისი ეტაპი, ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე წინაპირობა“ - ზურაბიშვილი

🔴 „ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, არავის უნდა სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს“ - პრეზიდენტი