მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება

აზარტული თამაშები

„გავითვალისწინეთ ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა. 

ტელევიზიები ვადის გადაწევას ითხოვდნენ, ამასთან დაკავშირებით ზარქუა აცხადებს, რომ ერთია მათი სურვილი და მეორე ოპტიმალური ვადა, ოპტიმალურ ვადად კი მარტის თვე შეირჩა.

„პირველი მოსმენის შემდეგ იცით, რომ გამოითქვა გარკვეული ტელევიზიებიდან სამართლიანი მოთხოვნა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამის განთავსების თვალსაზრისით, რადგან უნდა გადაეწყოს ტელევიზიებიც ამ ახალ რეალობაზე, აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ და რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზიებისთვის მარტიდან ამოქმედდება. ეს არის მეორე მოსმენისთვის ცვლილება. დაახლოებით სამი თვე გამოდის გადაწევა ვადის. ჩემი აზრით, ეს ვადა არის საკმარისი, რომ ყველა ტელევიზია გადაეწყოს“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

შეგახსენებთ, აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში გრძელდება, ასევე, აზარტული თამაშებისა და ლატარიის კომპანიებისთვის ახალი გადასახადი წესდება. „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი 76 ხმით დაუჭირეს.