მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავი სიზმარში მგონია“ - New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა

ხვიჩა კვარაცხელია
1678799123
სპორტი

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ სპორტული გამოცემების ინტერესის სფეროში არ არის. გავლენიანი ამერიკული გაზეთის New York Times ჟურნალისტი რორი სმიტი „კვარასთან“ ინტერვიუს ჩასაწერად ნეაპოლს საგანგებოდ ეწვია და ქართველს თავისი იტალიური კარიერის პირველი 9 თვის შესახებ ესაუბრა.

„ის შეიძლება არ იქცეოდეს ისე, როგორც ვარსკვლავი. შეიძლება, არ გრძნობდეს თავს ვარსკვლავად, მაგრამ მას სწორედ ისე ექცევიან [მოწინააღმდეგე გუნდები], როგორც ვარსკვლავს“, - აღნიშნავს ჟურნალისტი, როდესაც საუბარი მეტოქეების მხრიდან კვარაცხელიას მისამართით განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ეხება -

„ვგრძნობ, რომ ჩემი ფაქტორი მოქმედებს და ეს მაშინ ჩანს, როცა მოწინააღმდეგეთა დაცვით განლაგებებს ვაკვირდებით, თუმცა, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ”, - ამბობს თავად კვარაცხელია.

მისი თქმით, გულშემატკივრების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„რაც აქ ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია. თავიდანვე ყველაფერი ისე კარგად აეწყო, ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ რაღაც მომენტში მომიხდა, თავი ხელში ამეყვანა - საკუთარ თავს შევახსენე, რომ ეს რეალობა იყო და ძალა უნდა მეპოვა, რომ არ მოვდუნებულიყავი და ყველაფრისთვის ფეხი ამეწყო“. 

მადლიერებით სავსე ვარ იმ სიყვარულისა და მიჯაჭვულობისთვის, რასაც ხალხისგან ვგრძნობ. ეს მოტივაციას და ინსპირაციას მაძლევს და ამასთან, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყოველ თამაშზე უნდა დავამტკიცო, რომ იმის გაკეთება შემიძლია, რისი პირობაც დავდე“, - ამბობს ფეხბურთელი.

ხვიჩა კვარაცხელიამ იმაზეც ისაუბრა, თუ რას თვლის მის მთავარ ღირსებად მოედანზე.

„თავისუფლება - ეს არის ის, რასაც საკუთარ თავში ვაღიარებ. ეს კი იმიტომაა, რომ მიყვარს, რასაც ვაკეთებ. როდესაც ვთამაშობ, მთლიანად ამით ვარ მოცული. უნდა ითამაშო გულით, ენთუზიაზმით, მაგრამ ასევე, თამაშში გონებაც უნდა გქონდეს ჩართული. უნდა ისწავლო ვარჯიშებზე, საკუთარ შეცდომებზე და იმ არჩევანზე, რაც იმ მომენტში გეძლევა. მე გულითაც და გონებითაც ვთამაშობ. თუ გონებას არ ჩართავ, ვერ განვითარდები“, - ამბობს სპორტსმენი.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან პირველი სატელეფონო საუბარიც გაიხსენა.

„ჩვენს შინაარსიანად ვისაუბრეთ. მან ამიხსნა, რას მოელოდა ჩემგან მოედანზე. ბევრი ვისაუბრეთ დაცვის ხაზში ფოკუსირებაზე, იმაზე, რომ უნდა ვყოფილიყავი გუნდის ნაწილი და ზოგადად იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია გუნდური სულისკვეთება. ეს ის არის, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. იტალიელ მწვრთნელებს სახელი აქვთ განთქმული, მათ იციან, როგორ დაახელოვნონ მოთამაშეები“, - ამბობს კვარაცხელია.

ამავე თემაზე:

👉 კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა 

👉 ოსიმენის თქმით, კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - „ის განსაკუთრებული ბიჭია“