მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ვინმეს ჰგონია, დაფინანსების დიდი ნაწილი „ენჯეოებზე“ მოდის, ძალიან დიდი შეცდომაა - თენგიზ ფხალაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ ისაუბრა, სადაც კობახიძე ამბობს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეობზე“ მიდის და ამიტომ „ენჯეოებმა“  იდარდონ“.

ფხალაძის განმარტებით, იმის თქმა, რომ ამერიკული დაფინანსების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის, დიდი შეცდომაა. 

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი „ენჯეოებზე“ მოდის, ძალიან დიდი შეცდომაა და არ მგონია, პარლამენტის წევრმა ამდენი არ იცოდეს. აბსოლუტურად ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის რაც მხოლოდ საქართველოში ჯანდაცვაში განხორციელდა, მაგალითად C ჰეპატიტის მიმართულებით, ეს არის სუფთა ამერიკული დაფინანსება, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯარზე, საზღვარზე... ახლახან იყო თბილისში ბირთვული უსაფრთხოების ფორუმი, თავიდან ბოლომდე საქართველოს დაცულობა არის ამერიკელების უზრუნველყოფა. როდესაც საქართველოს ინტერესების უდიდესი ნაწილი ფინანსდება აშშ-დან, მათ შორის უსაფრთხოების პროგრამები, როგორც მინიმუმ ეს განცხადება არაკომპეტენტურია“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე. 

ამასთან, თენგიზ ფხალაძემ ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა. 

ფხალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორების ძალისხმევა ფუჭად დარჩა, რადგან ქართულ პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა და ქვეყანა ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს. 

„სიტყვა პირობითობა პირველად არ გაჟღერებულა საქართველოსთან მიმართებით, შეგახსენებთ ბოლო რამდენიმე წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ჩვენ საკმაოდ მწვავე პოლიტიკური კრიზისი გვქონდა არჩევნების შემდგომ და არჩევნებამდეც, მაშინაც გაიჟღერა ამ სიტყვამ. 

მას შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ბევრი არაფერი შეიცვალა, ვტრიალებთ მართლა ჩაკეტილ წრეზე, ის ძალისხმევა, რასაც ჩვენი მეგობრები ცდილობდნენ, იქნებოდა ეს შეერთებული შტატები, ევროკავშირი... ეს ყველაფერი დარჩა ფუჭ ძალისხმევად, იმიტომ, რომ რეალურად პრობლემები გვაქვს და ეს დაადასტურა იმანაც, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. მხოლოდ და მხოლოდ პერსპექტივა მივიღეთ. 

ყოველივე ამას პოლიტიკოსთა დიდმა ნაწილმა, ხელისუფლებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ძალიან ემოციური რიტორიკით უპასუხა. იმის მაგივრად რომ რეალურად გვეფიქრა როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია, თავდასხმაზე გადავიდა ჩვენი პარტნიორების მიმართ. 

ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი არის ლოგიკური შედეგი. მოდით, სხვანაირად დავსვათ კითხვა, ჩვენს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორს რატომ აქვს ის აღქმა და შთაბეჭდილება, რომ საქართველოში რაღაც ხდება არასწორად? ალბათ ასე უნდა დავსვათ კითხვა და არა ის, რომ სამართლიანია თუ არა. 

რატომ მივიყვანეთ ვითარება იქამდე, რომ ამ საკითხებზე ვლაპარაკობთ ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან და ძალისხმევას ვკარგავთ იმ რაღაცებზე, რაზედაც პრინციპში არ უნდა ვკარგავთ. საბოლოო ჯამში საკითხი ეხება იმას თუ როგორ გახდეს საქართველო უკეთესი. ჩვენს პარტნიორებს მხოლოდ და მხოლოდ ამაში სურთ დახმარება“, - დასძინა თენგიზ ფხალაძემ. 

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით სენატორ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ ეს მათთვის ნაკლებად საინტერესოა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 თბილისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

🔴 დაკავებულია 22 წლის ბიჭი, რომელმაც თბილისში 36 წლის მეგობარი ქალი მოკლა

🔴 ზელენსკი - ახლა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა

🔴 „ვაგნერელებმა“ ომისთვის ქარხნის მუშების დაქირავება დაიწყეს - უკრაინის გენშტაბი

🔴 თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს