მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვინ მუშაობს მის შექმნაზე?

ომიკრონი
1641294452
COVID-19

ევროკავშირში 2022 წლის დასაწყისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 5 კომპანიის ვაქცინა იყო დარეგისტრირებული. რომელმა კომპანიებმა დაიწყეს პრეპარატების შექმნა, რომლებსაც ომიკრონ-შტამისგან ადამიანის დაცვა შეუძლია? ამის შესახებ Deutche Welle სტატიას ავრცელებს. 

ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების პარალელურად ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პრეპარატების მოდიფიცირების აუცილებლობაზე. ამაზე ვაქცინების მწარმოებელი თითქმის ყველა კომპანია მუშაობს.

Novavax

კონცერნმა Novavax-მა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ სპეციალური სპაიკ-ცილის შექმნა დაიწყო, რომელიც ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაში იქნება გამოყენებული. ამ პრეპარატის წარმოების დაწყება 2022 წლის იანვარში იგეგმება.

იმუნოლოგს კარსტენ ვატცელს მიაჩნია, რომ Novavax-ის პრეპარატის ცვლილება აუცილებელია, რათა მან ომიკრონისგან დაცვა უზრუნველყოს. თანაც საწყისი პრეპარატის ოპტიმიზაცია იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე RNM ვაქცინების შემთხვევაში.

Novavax-ის ინფორმაციით, მისი ვაქცინის ეფექტიანობამ აშშ-ში, მექსიკასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს 90% შეადგინა. მაგრამ ეს კვლევები 2021 წლის შუა რიცხვებში იყო ჩატარებული, ანუ ომიკრონის გაჩენამდე. მაშინ ყველაზე გავრცელებული ალფა და ბეტა შტამები იყო. რაც შეეხება ომიკრონის წინააღმდეგ Novavax-ის ეფექტიანობას, ამის შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირი Novavax-ის სპაიკ-ცილის ვაქცინაზე დიდ იმედებს ამყარებს.

BioNTech/Pfizer

ახალ ვაქცინაზე მუშაობა, რომელიც ომიკრონისგან იცავს, ფაიზერმა 2021 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ახალი პრეპარატი დაახლოებით 100 დღეში იქნება მზად და მისი მიწოდება იქნება შესაძლებელი.

„Pfizer/ BioNTech-მა კორონავირუსის სხვა შტამებზე ვაქცინები უკვე გამოცადა. მათ ანტისხეულების გამომუშავების მაღალი დონე აჩვენეს. ამ დასკვნებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ომიკრონის საწინააღმდეგო პრეპარატი 2022 წლის მარტში იქნება მზად“ - აცხადებენ კონცერნში.

კომპანია ადასტურებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში 2022 წელს ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მლრდ დოზას შექმნის. კომპანიაში, ასევე აცხადებენ, რომ ბუსტერ, ანუ ვაქცინის მესამე დოზით აცრის შემთხვევაში, ანტისხეულების რაოდენობა, რომლებსაც ომიკრონთან ბრძოლა შეუძლიათ, 25-ჯერ იზრდება ორ დოზასთან შედარებით.

Moderna

2021 წლის დეკემბერში კომპანია მოდერნამ 20 მოხალისის მონაწილეობით კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ბუსტერული, მესამე დოზის გაკეთების შემთხვევაში ომიკრონ შტამის წინააღმდეგ ანტისხეულების რაოდენობა ორ აცრასთან შედარებით 37-ჯერ იზრდება.

„კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენი ვაქცინა ომიკრონ შტამისგან დაცვის „პირველ ხაზს“ უზრუნველყოფს. მან მესამე დოზის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, მათ შორის ომიკრონის წინააღმდეგ“,  - განაცხადა მოდერნას გერმანული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰერალდ ვიგანდმა.

კომპანიამ, ასევე, განაცხადა, რომ ის ომიკრონის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინის შექმნაზეც იმუშავებს. მისი კლინიკური ცდები 2022 წლის იანვარში დაიწყება.

AstraZeneca

2021 წლის ბოლოს ოქსფორდის უნივერსიტეტმა, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა, განაცხადა, რომ დღეს არსებული პრეპარატი ომიკრონის შტამის შემთხვევაში ისეთივე ეფექტიანია, როგორც სხვა ვარიანტებით ინფიცირების დროს. კვლევების მიხედვით, მესამე დოზის შემთხვევაში ომიკრონის წინააღმდეგ ანტისხეულების რაოდენობა დაახლოებით იგივეა, რაც ორი დოზით აცრის შემდეგ დელტა შტამის წინააღმდეგ. ამასთანავე, უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ დამატებითი კვლევებია აუცილებელი.

22 დეკემბერს AstraZeneca-ში განაცხადეს, რომ ომიკრონის საწინააღმდეგო ცალკე ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს.

Johnson & Johnson

ამერიკული კომპანიის Johnson & Johnson-ის წარმომადეგნლებმა, ასევე, განაცხადეს, რომ ომიკრონის წინააღდმდეგ ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს. გარდა ამისა, კომპანიაში განაცხადეს, რომ ბუსტერული აცრის შემთხვევაში სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაცია შემცირდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც იქ ომიკრონი უკვე ძირითადი შტამი იყო. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ  Т-ლიმფოციტები, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ იქმნება, ომიკრონის წინააღმდეგაც საკმარის დაცვას უზრუნველყოფს. საუბარია 85%-იან დაცვაზე.

„ომიკრონ ვარიანტი Т-ლიმფოციტების გენერირებულ იმუნურ პასუხზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ ახდენს და ის კვლავაც საკმაოდ ეფექტიანია“, - განაცხადა Johnson & Johnson-ის წარმომადგენელმა მათი მამენმა. 

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ამავე თემაზე:

ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

ომიკრონისგან მხოლოდ სამშრიანი პირბადე გვიცავს - ექსპერტები

ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?