მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის - დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონზე

აშშ-ის ელჩი

„ის ჰგავს რუსულ კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას, განსხვავებული ხმების ჩახშობას“, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „პუბლიკასთან“ ინტერვიუს დროს „უცხოელი გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს. 

დეგნანის განცხადებით, ეს კანონი ძირს გამოუთხრის იმ დახმარებას, რომელსაც აშშ უწევს ქართველ ფერმერებს.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონი ჰგავს რუსულ კანონმდებლობას.

„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, რის შესახებ არ არის ეს კანონპროექტი. ეს არ არის გამჭვირვალობის მისაღწევად. საკმარისი გამჭვირვალობა უკვე არსებობს. დონორები, როგორიცაა, მაგალითად, USAID, სამ თვეში ერთხელ დეტალურად აბარებენ ანგარიშს პარლამენტს, თუ რაში იხარჯება ჩვენი ფული.

ყველა პარტნიორი, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ, დეტალურ ინფორმაციას აწვდის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ასე რომ, ეს კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ არ არის. ეს ინფორმაცია არაერთ ვებგვერდზეა განთავსებული.

ეს კანონპროექტი, ასევე, არ არის ამერიკული, როგორც სენატორებმაც განმარტეს. ის (ამერიკული) კანონი ეხებოდა იურიდიულ კომპანიებსა და ლობისტებს, რომლებსაც ქირაობენ, რათა აშშ-ში წარმოადგინონ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების ინტერესები. ეს კანონპროექტი კი ამას არ ეხება.

დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ის გააჩერებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა თემს, მაგალითად, დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრებით, სადაც შშმ პირთა ოჯახები მიდიან მხარდაჭერისა და სერვისების მისაღებად.

ის შეაჩერებს იმ იურიდიულ დახმარებას, რომელიც ამ ქვეყნის ბევრ თემში სასიცოცხლოდ სჭირდებათ ადამიანებს. ის შეაჩერებს ტურისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების კუთხითაც.

დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი ძირს გამოუთხრის იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვუწევთ, მაგალითად, ქართველ ფერმერებს. ძირს გამოუთხრის სამედიცინო კვლევებს, რომლებსაც მხარს უჭერენ უცხოელი დონორები, როგორიცაა შეერთებული შტატები და მრავალი ევროპული ქვეყანა.

ბიზნესასოციაციები, ფერმერთა ასოციაციები, გარემოსდაცვითი ჯგუფები – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორების ფართო სპექტრია, რომელთა მიმართაც გაჩნდება ძლიერი სტიგმა და აღქმულნი იქნებიან, როგორც უცხო ქვეყნებზე მომუშავე ჯაშუშები, მაშინ, როცა ისინი აქ საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობენ.

ეს არის ის, რაც ამ კანონპროექტში გვაშფოთებს ყველას. მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გარკვევა, სინამდვილეში რისკენ არის მიმართული ეს კანონპროექტი. ის ჰგავს რუსულ კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას, განსხვავებული ხმების ჩახშობას. რუსეთის კანონი კი ამ კუთხით ძალიან ეფექტიანი იყო.

თუ გადახედავთ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებას, ის ახლა გაჩუმებულია. ბევრმა ორგანიზაციამ დატოვა ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ ძლიერი საზოგადოება და დემოკრატია შეექმნათ, რასაც აქ აკეთებდნენ შეერთებული შტატები და ჩვენი ქართველი პარტნიორები ბოლო წლების განმავლობაში. ეს კანონი კი მიღების შემთხვევაში სწორედ ამ ხმებს გააჩუმებს და უკან დასწევს იმ სამუშაოს, რაც შესრულდა. ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მისწრაფებას. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათლად ითქვა.

ის შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის ძირითად პრინციპებთან. იმედი მაქვს, პარლამენტი უკან დაიხევს და დაფიქრდებიან იმაზე, თუ რისი მიღწევა სურთ. კანონპროექტის მიღებამდე მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია პარტნიორებთან და მეგობრებთან, რათა უკეთ გაიგონ ამ კანონის ზემოქმედება და მოსალოდნელი შედეგები“, - აცხადებს კელი დეგნანი. 

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება აშშ-ის რეაქცია ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში.

„თუ პარლამენტი რეალურადაა დაინტერესებული მოსალოდნელი შედეგებით, იმედი მაქვს, ისინი კონსულტაციებს გაივლიან პარტნიორებთან. ამ კანონს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩვენს შესაძლებლობებზე, გავაგრძელოთ ისეთი სახის დახმარება, როგორიც მე აღვნიშნე: ფერმერთა ასოციაციების, იურიდიული სერვისების, ტურიზმის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.

ეს, რაც მხოლოდ აშშ-ის დახმარებაა, მაგრამ ვფიქრობ, ყველა დონორი ქვეყანა შეაფასებს, შეგვიძლია თუ არა ამ სახის მხარდაჭერის გაგრძელება საქართველოსთვის.

ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი მხარდაჭერა მიმართულია ადგილობრივი მთავრობების ან ცენტრალური ხელისუფლებისადმი, რათა უზრუნველვყოთ ისეთი სერვისები, რომელთა მიწოდებაც მთავრობას არ შეუძლია. ასე რომ, მას ექნება მნიშვნელოვანი გავლენა.

ვიმედოვნებ, რომ ეს პარლამენტს უკან დახევისკენ უბიძგებს და გადახედავს ამ კანონის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას. ამ კანონის ინიცირებისას ის წარმოდგენილი იყო, თითქოს მიემართებოდა გამჭვირვალობის ზრდას, მაგრამ უკვე არის საკმაოდ დიდი გამჭვირვალობა.

პარლამენტს რომ შეეფასებინა, რამდენი ინფორმაციაა უკვე ხელმისაწვდომი უცხოური დახმარებებისა და მათი გამოყენების შესახებ პარლამენტისა და საზოგადოებისთვის, ისინი დაინახავდნენ, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას. ალბათ, ეს კანონი არ არის საჭირო“, - დასძენს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

🔴 50 ლარს კარგავენ და თავის ამომრჩევლებს, არგუმენტები არ აქვთ - ჩაჩიბაია „გირჩზე“

🔴 კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია - „ლელო“ ხალხის ძალის კანონზე

🔴 სამართალი პასუხს გასცემს მათ, ვინც ამბობს, ომის დაწყების საკითხები გადასახედია - ლევან ხაბეიშვილი

🔴 ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად - გვარამია