მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გათავისუფლება ან გადავადება“ - BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

მესამე პრეზიდენტი

BBC საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ კიდევ ერთ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით  - „გათავისუფლება ან გადავადება, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ“.

👉 საქართველოში დაბრუნება - სააკაშვილის ფატალური შეცდომა - BBC

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 1-ელ დეკემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების შუამდგომლობით. ასეთი მოთხოვნის საფუძველი სააკაშვილის მძიმე დიაგნოზებია, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაშია აღნიშნული.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაცვის მხარე ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს.

გამოკვლევის დასკვნისა და ჩვენ მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია, რომ სასამართლომ უარი თქვა ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე“, - ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ განუცხადა.

ადვოკატებმა შუამდგომლობით სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „ემპათიის“ ცენტრმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარა. 194-გვერდიანი ექსპერტიზის დასკვნა და დანართები ადვოკატებს ორი დღის წინ გადაეცათ.

სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვის ფარგლებში, ადვოკატების თქმით, 20-მდე მოწმე ისაუბრებს, მათ შორის ექსპერტები, პოლიტიკოსები და ექიმები.

სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს (მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა), ამჟამად „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.

ის საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით წაუყენეს. ორ მათგანზე, ჯერ კიდევ საქართველოში დაბრუნებამდე, დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თავად სააკაშვილმა უარყო ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა, რომლის შეწყვეტას ის 50 დღის შემდეგ დათანხმდა.

სააკაშვილმა მეორე შიმშილობა მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა და მე-20 დღეს შეწყვიტა. შემდეგ მან ადეკვატური სამედიცინო დახმარება მოითხოვა“, - წერს BBC.

ის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ის დღითი დღე უარესდება, მისი ახლობლები დიდი ხანია ამბობენ. ისინი ერთადერთ გამოსავალს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანაში ხედავენ.

ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფოს მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი მისი ჯანმრთელობის დასაცავად და ის შესაბამის კლინიკაში იმყოფება. 

„კომა და სიკვდილი“

BBC წერს, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში სააკაშვილმა რამდენიმე დაწესებულება შეცვალა. ის ჯერ ქალაქ რუსთავის ციხეში მოათავსეს, შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოში, შემდეგ კი ქალაქ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გასული წლის ბოლოს ის კვლავ დააბრუნეს რუსთავის ციხეში, საიდანაც მაისში გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც დღემდე რჩება.

„მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული ძირითადი დიაგნოზები მისივე მოთხოვნით არ საჯაროვდება, თუმცა ექსპერტიზის ჩამტარებელმა ორგანიზაციამ „ცენტრმა ემპათიამ“ საექსპერტო კომისიის დასკვნა 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა. კომისიაში შედიოდა 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი.

ამ დასკვნების მიხედვით, სააკაშვილი დაკავებამდე ჯანმრთელი იყო. ახლა მას 20-ზე მეტი დიაგნოზი ან სიმპტომური კომპლექსი აქვს.

დასკვნის მიხედვით, სააკაშვილს აღენიშნება ანორექსია, წონის სწრაფი კლება, ტკივილი კუნთებში, სახსრებში, ძვლებში და კუნთების ცვენა, რაც შეიძლება იყოს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგი (მანამდე მის სხეულში ბარიუმის, ბისმუტისა და ვერცხლისწყლის მნიშვნელოვანი შემცველობა აღმოაჩინეს).

„ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური აშლილობა“, - აცხადებენ ექსპერტები. 

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა სააკაშვილი იმყოფება და პატიმრობის პირობებში, შეუძლებელია სრულფასოვანი ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი“, - ნათქვამია დასკვნაში.

ექსპერტი, ასევე, აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ციხეში შესაძლოა აწამეს და არ მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება.

ექსპერტთა დასკვნა შეიცავს ინფორმაციას სააკაშვილის დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ  ციხის საავადმყოფოში, სადაც ის რუსთავის ციხიდან მისი ნების გარეშე გადაიყვანეს. ნათქვამია, რომ 11 დღის განმავლობაში მას ძილის საშუალება არ ჰქონდა.

„ასეთი მკურნალობის შედეგად მას შესაძლოა, ხერხემლის დაზიანება მიეღო, ნათქვამია მოხსენებაში. მას, ასევე, განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მძიმე ფორმა“, - ნათქვამია BBC-ს სტატიაში.

BBC-ის ცნობით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მულტიდისციპლინურ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. პარალელურად საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას და უარყოფენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს.

„როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს, ამიტომ სამედიცინო დასკვნას ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ბოლო ინტერვიუში.

არეულობის შექმნა? 

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პერიოდულად ხდება პოლიტიკური დებატების თემა. სანამ მისი მხარდამჭერები მის სიცოცხლეს საფრთხეზე საუბრობენ, მათ მმართველ პარტიაში სააკაშვილის დიაგნოზით სპეკულირებაში ადანაშაულებენ.

„ორშაბათს, ექიმების რეკომენდაციით, სააკაშვილი, მიუხედავად გამოხატული სურვილისა, არ გადაიყვანეს კლინიკასთან მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმე განიხილებოდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებისთვის ეს კიდევ ერთი დადასტურება იყო, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია.

ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს მიეცემა საშუალება, მოიწვიოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი სამკურნალოდ, მაგრამ სამინისტროს საზღვარგარეთ გადაყვანის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. რაც შეეხება დასკვნის გადადებას, ეს საკითხი, მინისტრის თქმით, დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედის და სასამართლომ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს.

მინისტრმა სააკაშვილის მდგომარეობასა და დიაგნოზებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ.

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის მიმართ უნდობლობა გამოთქვა. მათი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერები პიარით არიან დაკავებული და ჯერჯერობით ვერ ასახელებენ დიაგნოზს, რის საფუძველზეც მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას.

„ჩვენ გვთხოვენ, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ემპათია“ დაადანაშაულა, რომ ასოცირებულია სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და აღნიშნა, რომ მისი სანდოობა ნულის ტოლია.

„ცენტრი ამ ბრალდებებსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს კატეგორიულად უარყოფს“, - წერს BBC.

სტატიაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კლინიკაში მიხეილ სააკაშვილთან მორიგი ვიზიტის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას შესაძლო მოწამვლაში არ ადანაშაულებს.

სტატია მთავრდება გიული ალასანიას ციტატით, რომელმაც მოუწოდა ყველას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების საკითხზე მსჯელობისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური ქულების დაწერისგან.

„აქ წყდება მოგეხსენებათ ადამიანის, ჩემი შვილის ამ შემთხვევაში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრონ და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ჩემი შვილი არ აპირებს რაიმე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️  აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

✔️ ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე

✔️ „არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ „სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ“ - ბექა დავითულიანი სააკაშვილზე