მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სამუშაოები მიუღებელია რომელიმე ჯგუფისთვის, მაშინ მან აიღოს პასუხისმგებლობა - ქეთევან დუმბაძე

ქეთევან დუმბაძე

„მდგომარეობა, რა თქმა უნდა, კრიტიკულია, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამოსწორდეს“, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქეთევან დუმბაძემ PIA.GE-ს გელათის ტაძართან დაკავშირებით განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც გაჩნდა მოსაზრება, რომ გელათში სამუშაოები არასწორად მიდის, 17 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ტაძრის რეაბილიტაცია.

„იუნესკოს მიმართა სახელმწიფომ, კულტურის სამინისტრომ, სპეციალისტები ჩამოსული იყვნენ, მუშაობდნენ და შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს. ახლა გაჩნდა რამდენიმე ვერსია იმისა, რომ რაღაც არასწორად მიდის. მე როგორც ვიცი, 17-ში არის შეკრება, სადაც ყველა ეს პოზიცია დაფიქსირდება და ბოლოს და ბოლოს გაირკვევა, ვის უნდა ენდოს სამინისტრო, საერთოდ სახელმწიფო ვის უნდა ვენდოთ და ეს სპეციალისტები როგორ იმუშავებენ“, - აცხადებს დეპუტატი.

ქეთევან დუმბაძის თქმით, თუ სამუშაოები მიუღებელია რომელიმე ჯგუფისთვის, მაშინ ამ ჯგუფმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. 

„მე ვემხრობი იმას, რომ ჯგუფს უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება. მეცნიერების და მკვლევრების ჯგუფიდან არავინ უცოდინარი ამაში ჩართული არ არის. როცა ამდენი აზრი არსებობს, რაღაც ერთი აზრი უნდა შემუშავდეს, მაგრამ როდესაც იუნესკო გიგზავნის გიგზავნის ექსპერტებს და გეუბნება, რომ ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც ჩატარებული აქვთ ასეთი სამუშაოები და არიან სპეციალისტები, სახელმწიფო ენდობა და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე. ვნახოთ, 17-ში შეკრება რას მოიტანს. აქ უკვე თემა იმაზეა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აღებული აქვს კულტურის სამინისტროს სახით და ის მუშაობს იმ გეგმით, რომელიც შესთავაზეს იტალიელმა სპეციალისტებმა. თუ ეს მიუღებელია რომელიმე ჯგუფისთვის, მაშინ ვიღაც სხვამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, გელათი, რომელიც ყველასია, რომელიმე ერთმა ასე გადაწყვიტოს? ასე არ შეიძლება“, - აცხადებს ქეთევან დუმბაძე. 

დეპუტატის თქმითვე, საქმეზე ოთხი დასკვნა არსებობს და მისი ინფორმაციით, 17 თებერვალს ოთხივე მხარე იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, საპატრიარქო, რომელმაც დღეს განცხადება გაავრცელა და გელათის ტაძართან დაკავშირებით მდგომარეობა შეაფასა, როგორც „კრიტიკული“. 

ცნობისთვის, საპატრიარქოს განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას, ქეთევან დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: 

„გასაგებია, საპატრიარქო რატომაც ღელავს, ყველა ვღელავთ, მაგრამ საპატრიარქოში სპეციალისტები ხომ არ არიან?“.

იხილეთ ასევე: 

👉 სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ - ელისო ბოლქვაძე

👉 ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება შეაჩერა

👉 პუტინი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის, მაგრამ რუსეთს არ სჯერა გამარჯვების - Reuters