გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვედურ გაზეთ Dagens Nyheter-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია.
„რაც არ უნდა რთული იყოს, პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კრიზისის დროს. მე მსურს, უზრუნველვყო, რომ ჩვენი გზავნილები პირდაპირ მივიდეს რუსეთის პრეზიდენტამდე, რომ რუსეთმა პირდაპირ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. ჩემი მკაფიო გზავნილი მისთვის არის ის, რომ მისი სტრატეგია უკრაინის მიმართ არ იმუშავებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ერთი მომენტიდან მეორეში შეიცვლის კურსს. მაგრამ პუტინმა უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი საუბრები მნიშვნელოვანია მომავალშიც“, - განაცხადა შოლცმა.
წამყვანის კითხვაზე, რომ გერმანიას ხშირად ადანაშაულებენ ყოყმანში უკრაინის იარაღით მხარდაჭერაში, შოლცმა უპასუხა:
„ეს ბრალდება არასწორია. ომის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 27 თებერვალს, მე გამოვაცხადე, რომ იარაღის მიწოდება მოხდებოდა, რაც გერმანიის პოლიტიკაში ათწლეულების წინანდელ პოზიციას არღვევს. პირველ ეტაპზე ჩვენ მივაწოდეთ ის, რაც იყო მარაგში და, შესაბამისად, სწრაფად ხელმისაწვდომი და დაუყოვნებლივ გამოსაყენებელი: ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, სტინგერის ტიპის საზენიტო რაკეტები და საბრძოლო მასალა. შემდგომი ნაბიჯები საგრძნობლად უფრო რთული იყო და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან რთულ სისტემებზე, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცებისთვის კვირეულ მომზადებას მოითხოვს. ეს არის მძიმე იარაღის სისტემები, როგორიცაა 2000 ტიპის ჯავშანტექნიკა, საზენიტო მანქანა Gepard, Mars II რაკეტების გაშვების სისტემა ან IRIS-T საზენიტო სისტემა, რომელიც იმდენად ახალია, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების ბუნდესვერსაც კი არ აქვს“, - აღნიშნა შოლცმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის