COVID-19

იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

ალცჰაიმერი და კორონავირუსი
1642505866
დაკოპირებულია

COVID 19-ით ინფიცირების დროს ადამიანის ტვინის მდგომარეობის შესწავლამ სამეცნიერო წრეებში ახალი მოსაზრება გააჩინა. კორონავირუსს და ალცჰაიმერის დაავადებას გარკვეული მსგავსება გააჩნია. ახლა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ დაკვირვებების შედეგად ორივე დაავადების უფრო ეფექტიანი მკურნალობა გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ nationalgeographic.com იუწყება. 

მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ რატომ უფიქსირდებათ კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი სიმპტომი, მაგალითად, გონების გაფანტულობა. კვლევების შედეგად შეიძლება უფრო ზუსტი წარმოდგენა ჩამოყალიბდეს ალცჰაიმერის დაავადებაზე, რომლითაც აშშ-ში ამჟამად 6 მლნ ადამიანია დაავადებული. 

ალცჰაიმერის დაავადება იმ მომენტში ჩნდება, როდესაც ტვინის ნეირონები, რომლებიც მეხსიერების კოდირებაზეა პასუხისმგებელი, ნელ-ნელა კვდება, რის შედეგად ადამიანს მეხსიერება უქვეითდება. კორონავირუსით დიდი ხნის განმავლობაში დაავადებული პაციენტები (ხანგრძლივი კოვიდი) ისეთ სიმპტომებზე საუბრობენ, რომლებიც, ნევროლოგების თქმით, ძალზე ჰგავს ალცჰაიმერის დაავადებას.

ამანდა ფინლის, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 2020 წელს დაუსვეს, გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში ჯერ კიდევ აღენიშნებოდა სიმპტომები, ერთ-ერთის სახელია „ტვინის ნისლი“. ფინლი დეზორიენტაციას გრძნობდა, ის ხშირად ნივთებს კარგავდა. ასევე ამბობს, რომ ის შეიცვალა როგორც პიროვნება, რაც ალცჰაიმერის დაავადების დროს ხშირად შეინიშნება.

„მე არ ვარ ბოროტი ადამიანი, მაგრამ კორონავირუსის შემდეგ რაღაცა შეიცვალა და ძალზე სასტიკი გავხდი. ყველაფერი არ მახსოვს, მაგრამ იმ პერიოდში ჩემს მიერ მიწერილ ტექსტებს რომ ვნახულობ, ძალზე მრცხვენია იმის გამო, რასაც ვაკეთებდი და ვამბობდი“, - ამბობს ფინლი.

ალცჰაიმერის დაავადება მეცნიერებმა დაახლოებით ასი წლის წინ აღმოაჩინეს. მეცნიერებმა შეისწავლეს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ უფიქსირდებათ პაციენტებს მეხსიერების დაკარგვა.

ერთ-ერთი მიზეზი ორი ანომალიური ცილის მაღალი კონცენტრაცია შეიძლება იყოს. ესენია: ბეტა-ამილოიდი, რომელიც ნეირონებს შორის სივრცეში გროვდება და კავშირის ხაზებს კეტავს და ტაუ-ცილა, რომელიც ნეირონული უჯრედების შიგნით აღწევს და ნეირონული სიგნალების გადაცემას აფერხებს.

მეორე, ასევე, ძალზე პოპულარული ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექცია იწვევს რიგ მოვლენებს, რასაც ნეიროდეგენერაცია მოჰყვება.

მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ რატომ აღენიშნება ფინლის მსგავს პაციენტებს COVID 19-ის გადატანის შემდეგ კოგნიტიური ფუნქციების დარღვევა. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლის მიხედვით  SARS-CoV-2- ან რაიმე სხვა ვირუსს მოლეკულური კასკადის ამოქმედება შეუძლია, რომელიც დემენციას იწვევს.

ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზები

ალცჰეიემრის დაავადება მაშინ ჩნდება, როდესაც ჰიპოკამპეში არსებული ნეირონები, რომლებიც მეხსიერების კოდირებაზეა პასუხისმგებელი, ნელ-ნელა კვდება. ამის შედეგად პაციენტებს ავიწყდებათ ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბები, მაგალითად, სად დატოვეს გასაღები ან რა ჭამეს სადილზე. გარკვეული დროის შემდეგ დაავადება პროგრესირებას განაგრძობს და ამ ადამიანებს თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ავიწყდებათ.

მეცნიერები ალცჰაიმერის დაავადების ორ ტიპს გამოყოფენ - ერთია ადრინდელი, რომლის გამოვლინება უკვე 40-50 წლის ასაკში ხდება და გვიანი, როდესაც გამოვლინება 65 წლის შემდეგ იწყება. ადრინდელი ალცჰაიმერით პაციენტების მხოლოდ 5 პროცენტია დაავადებული, მაგრამ, ცნობილია, რომ მას გენეტიკური კავშირი უდევს საფუძვლად. რაც შეეხება გვიან ალცჰაიმერს, მის გამომწვევ მიზეზებზე ბევრად ნაკლებია ცნობილი. 

შვედმა ფსიქიატრმა ტორსტენ შეგრენმა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ინფექციას ალცჰაიმერის დაავადების გამოწვევა შეუძლია, პირველად ჯერ კიდევ 1952 წელს გამოთქვა. ამ მოსაზრებამ მალევე დაკარგა პოპულარობა და ფარმაცევტულმა მრეწველობამ მის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოხატა. 2019 წლისთვის კვლევების მხოლოდ 0,5% ტარდებოდა ანტიბაქტერიულ პრეპარატებზე, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ინფექციურ წარმოშობას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, გაჩნდა მტკიცებულება, რომელიც ამ იდეას ადასტურებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების ტვინში Herpes Simplex 1 ვირუსი იყო აღმოჩენილი. კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროს კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის ტვინს ზიანს აყენებს.

როგორ მოქმედებს COVID 19 ადამიანის ტვინზე

პაციენტების გაკვეთის შედეგად, რომლებიც COVID 19-ის მძიმე ფორმის შედეგად გარდაიცვალნენ, დადგინდა, რომ ზოგიერთ მათგანს ტვინში ვირუსი აღმოაჩნდა, ზოგიერთს კი - არა. ვირუსი, როგორც სისხლის კაპილარებში, ასევე, ზოგ შემთხვევაში, მთელ ტვინში იყო აღმოჩენილი.

2021 წელს რვა გარდაცვლილის გაკვეთის შედეგებმა ტვინში ვირუსი არ აღმოაჩნდა, მაგრამ მიკროგლია აღმოაჩნდა. ეს არის უჯრედები, რომლებიც მოქმედებს როგორ ტვინის იმუნური სისტემის ნაწილზე, მაგრამ აქვს პათოლოგიური გადახრები და ის ალცჰაიმერის პაციენტებსაც აღენიშნება.

„ძალზე გაკვირვებულები ვიყავით, ეს რომ აღმოვაჩინეთ“, - ამბობს ნევროლოგი ტონი ვის -კორეი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებაში იმუნური სისტემის როლს სწავლობს.

მიკროგლიას პაციენტის ინფიცირების შემთხვევაში გარკვეული გენების აქტივირება შეუძლია. ეს შეიძლება იყოს ისეთი გენური აქტივობა, რომელიც ნეიროდეგენერატიულ დაავადებას  იწვევს, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადებას.

მეცნიერთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვირუსი ტვინზე პირდაპირ მოქმედებს:

„არის იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი ტვინში ყნოსვის რეცეპტორებით ხვდება, საიდანაც ტვინში სუნის გაანალიზება ხდება“, - ამბობს Banner Sun-ის ინსტიტუტის ნევროპათოლოგი ჰეიდი სერანო.

იქიდან ვირუსს  ტვინის იმ ნაწილში შეუძლია მოხვედრა, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი და შემდეგ ჰიპოკამპში, სადაც ის მეხსიერებას აზიანებს. 

ალცჰაიმერის დაავადების და COVID-19-ის მსგავსება

2020 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეირორეანიმაციის სპეციალისტმა ჯენიფერ ფრონტერამ და მისმა გუნდმა კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით COVID 19-ის მქონე პაციენტების 13,5%-ს ახალი ნევროლოგიური დაავადება - ენცეფალოპათია დაუდგინდათ (კოგნიტიური დისფუნქცია, რომელიც ინფექციის და ორგანიზმის იმუნური რეაქციით არის გამოწვეული), ასევე, მათ ნაწილს კრუნჩხვები და ინსულტიც დაუდგინდათ.

COVID 19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, რომლებსაც კოგნიტიური დისფუნქციის სიმპტომები ჰქონდათ, სისხლში ცილის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, რაც თავის ტვინის დაზიანებაზე მიუთითებდა. ზოგიერთი ცილები სისხლში ხშირ შემთხვევაში ინსულტის ან ჟანგბადის უკმარისობის დროს ფიქსირდება, მაგრამ ისეთები, როგორიცაა ტაუ-181, არის ალცჰაიმერის დაავადების დროს სპეციფიკური მაჩვენებელი.

ფრონტერა ამბობს, რომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ 6-12 თვის შემდეგ პაციენტებს კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესება დაუდგინდათ, რაც დამაიმედებელი შედეგია.

დასკვნები

მეცნეირები ამბობენ, რომ გავა წლები, ვიდრე გაირკვევა ზრდის თუ არა  COVID 19-ით ინფიცირება ალცჰაიმერის დაავადების რისკს. არის მსგავსება ამ ორი დაავადების დროს ტვინში მიმდინარე პროცესებში, მაგრამ არის განსხვავებაც. ასე, მაგალითად, ალცჰაიმერის სიმპტომები ნელ-ნელა ფორმირდება, მაშინ, როდესაც  COVID 19-ის დროს „ტვინის ნისლი“ სწრაფად იქმნება. ალცჰაიმერის დაავადება, ძირითადად 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფიქსირდება, მაშინ, როდესაც კოგნიტიური დისფუნქცია ბავშვებსაც კი უფიქსირდებათ. მეხსიერების დაკარგვასთან დაკავშირებული სიმპტომები, ასევე, განსხვავებულია.

ამის მიუხედავად, ინფიცირების შედეგად თავის ტვინის დაზიანების უკეთესი შესწავლა შეიძლება მეცნიერებს დემენციის მკურნალობის უნიკალური მეთოდის შექმნაში დაეხმაროს.

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ დადასტურდა, რომ ვირუსები ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს, ეს კვლევის დასასრული არ იქნება. ამ დაავადებას სხვა მრავალი ფაქტორიც უწყობს ხელს - დიეტა, ფიზიკური აქტივობა, ძილის ხარისხი, ჰაერის დაბინძურება, ამ ფაქტორებმა ასაკის მატებასთან ერთად ადამიანში დემენციაზე შეიძლება გავლენა მოახდინონ. გვიანი ალცჰაიმერის დროს არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს.

ამასთანავე რისკფაქტორების ანალიზი მეცნიერებს ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის უკეთესი მეთოდების აღმოჩენაში დაეხმარება, რაც კიბოს მკურნალობის მეთოდების ფორმირების დროს ბევრად უფრო ეფექტიანი მეთოდიკა შექმნა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

🔴 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

🔴  პოსტკოვიდური სინდრომი ბავშვებში - მოზარდები გემოსა და ყნოსვის დარღვევის გამო საკვების მიღებაზე უარს ამბობენ

🔴 კორონავირუსმა შესაძლოა, ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი გაზარდოს - კვლევა

🔴 „მოერიდეთ კოვიდს თუ დაორსულება გინდათ“ - ბელგიელი მეცნიერების ახალი კვლევა