მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ბრძოლა გრძელდება“ - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს წარმომადგენელი

„რაც ვნახეთ, გაგრძელებაა იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩადიოდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ბრძოლა გრძელდება“, - ამის შესახებ  „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. 

ჯაფარიძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქმეში დანაშაულის არავითარი ნიშანწყალი არ ყოფილა. 

ჯაფარიძის თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი გადარჩა და  ბრძოლა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის გრძელდება. 

„ყველა თქვენგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მივიღეთ. ეს ბრძოლა ღირს იმისათვის. რასაც ჩვენ გავდივართ, იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. 

რაც ვნახეთ, გაგრძელებაა იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩადიოდა. ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს ფულის გათეთრების. მოსამართლემ შეცვალა ფულის გათეთრების მუხლი, მისი გადაკვალიფიცირება მოახდინა იმ მუხლით, რომელზეც ხანდაზმულობა ვრცელდება და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა ძველი მუხლით 7 წელი მოგვისაჯა, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, გაგვათავისუფლა ამ პასუხისმგებლობისგან. 

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით და არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ და ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ გავხადეთ. იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.   

შეგახსენებთ, ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა 

გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ და ვერც ბადრი ჯაფარიძეს, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, უკვე ზედმეტია“ - ნიკა მელია