მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, 16 წლამდე პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდოს - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

პიტბული

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა კახაბერ იოსელიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პიტბულების მიერ ადამიანებზე თავდასხმის ფაქტებზე და იმ წესებზე ისაუბრა, რომლებიც მოქალაქეებმა მებრძოლი ჯიშის ძაღლების ყოლისას უნდა გაითვალისწინონ.

მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გამკაცრდება წესები და მოთხოვნები, რომლებიც ცხოველების მეპატრონეებს დაუწესდება. 

როგორც კახაბერ იოსელიანმა განმარტა, მუნიციპალიტეტებს ცალკე აქვთ რეგულაციები. შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, ასეთი ამ ეტაპზე არ არსებობს.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი განხილვა წლის ბოლომდე მოხდება. 

„დედაქალაქში გვაქვს ასეთი რეგულაცია  - აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება დილის შვიდი საათიდან ღამის თერთმეტ საათამდე პერიოდში შესაძლებელია, გრძელი საბელით და ალიკაპით ან მოკლე საბელით ალიკაპის გარეშე, ასევე, ტრანსპორტირება აუცილებლად - მოკლე საბელით და ალიკაპით.

საღამოს პერიოდში და გამთენიისას გასეირნება შესაძლებელია, მხოლოდ ალიკაპით საბელის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება ე.წ დეკორატიული ჯიშის ძაღლებს, ასევე, ეს შეზღუდვის რეჟიმი არ მოქმედებს ცხოველების  გასასეირნებლად გამოყოფილ ზონებში. 

თბილისში ამას არეგულირებს შინაური ბინადარი ცხოვრების მოვლა პატრონობის წესი. მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად არეგულირებენ ამ საკითხს.

მიმდინარეობს დარგის სპეციალისტებთან ერთად ერთიანი კანონპროექტის შემუშავება. ერთიანი საკანონმდებლო აქტი უნდა არსებობდეს. კანონი ვერაფერს იზამს, თავად საზოგადოებაში თუ არ მოხდა შეთანხმება.

კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება.

ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია, ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში.

ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი არის გათვალისწინებული, რაც საჭიროა ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის, უკონტროლო მომრავლება ცხოველების, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება. არის მსჯელობა იმაზე, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი. როცა ეს შეზღუდვა ძალაში შევა, მას არ ექნება უკუძალა. 

ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება, მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით კანონპროექტში გავითვალისწინეთ შემდეგი დებულება, მაგალითად აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდება 16 წლამდე ასაკის პირს. 16 წლამდე ასაკის პირს ბევრი შეზღუდვა აქვს ჩვენი კანონმდებლობით. ვფიქრობთ, აქ ასაკობრივი შეზღუდვა შემოვიღოთ. ასევე, უნდა შემოვიღოთ პატრონის ვალდებულება. 16 წლის ადამიანს, შეიძლება დიდი ზომის ძაღლი გაექცეს და ვერ დაიმორჩილოს“, - აცხადებს კახაბერ იოსელიანი.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის განცხადებით, განისაზღვრება რა ქმედებები ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და რა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

„ამ კანონპროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი. კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება, რა ქმედებები ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და რა ქმედებები ადმინისტრაციულ დანაშაულად.

მაგალითად, როდესაც პირი ცხოველის გასეირნების დროს უსაფრთხოების ნორმებს არღვევს, აგრესიული ჯიშის ძაღლი ჰყავს და ამას ადამიანის ან სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება, ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, რა თქმა უნდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გავა.

აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხას რაც შეეხება, ჯიშები იქნება ჩამონათვალში. ცხოველთა ორთაბრძოლები სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ამ კანონპროექტით ეს საკითხიც არის გათვალისწინებული და სასტიკად მოპყრობა დაისჯება სისხლის სამართლის კანონით. პიტბულს აქვს ასეთი თვისება, ძალიან რთულია მსხვერპლის მისი პირიდან გაშვება. როდესაც მასზე ხდება ზემოქმედება, ის უფრო მეტად ცდილობს მსხვერპლი არ გაუშვას. 

კანონპროექტის განხილვა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს და მიიღებენ, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, რომ ალიკაპით მოხდეს გარკვეულ საათებში გასეირნება და საბელით, მათ შორის გადაადგილება კონტეინერით. კანონით აიკრძალება სხვადასხვა ჯიშის ძაღლების შეჯვარება, მეტისის ჯიშის ძაღლების გამრავლება“, - აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ არ შეიძლება მებრძოლი ჯიშის ძაღლები ალიკაპის გარეშე დაჰყავდეთ ქუჩაში, რეგულაციაა საჭირო - ალეკო ელისაშვილი

✔️ ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

✔️ რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

✔️ ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის პატრონი

✔️ ამერიკაში ქართველი ქალი გარდაცვლილი გერის პიტბულმა დაგლიჯა და მოკლა

✔️ რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა