მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით გათავისუფლება - Amnesty International, HRW მიხეილ სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკააშვილი

Amnesty International და Human Rights Watch საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, მუდმივი ინვალიდობისა ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ ჰქონია რეაგირება ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ  ერთობლივ წერილშია გამოთქმული.

„მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდებოდეს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. სამედიცინო დახმარებაზე წინასწარგანზრახული უარის გამო პატიმრობაში სიკვდილი უთანაბრდება სიცოცხლის თვითნებურ აღკვეთას, რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით“, - განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ჯგუფმა დაასკვნა, რომ სააკაშვილს ბოლო 16 თვის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის მდგომარეობა.

განცხადებაში, ასევე, წერია რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოების მიერ მძიმე ავადმყოფი პატიმრების გათავისუფლებას, თუმცა, ასეთი მოთხოვნები ხშირად უარყოფილია. 6 თებერვალს, თბილისის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის შუამდგომლობა, რომელიც დეკემბერში იყო შეტანილი, სასჯელის სამედიცინო მოტივით გადავადების ან შეჩერების შესახებ. სააკაშვილის ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

„პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი პირობები ტრაგიკულად ფატალური ხდება“, - აღნიშნა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის სისტემის ეს ასპექტი უფრო ჰუმანური უნდა გახადოს და შეუსაბამოს ის საერთაშორისო სტანდარტებს.

„მათ უნდა დაიწყონ ისეთი ზომების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენისთვის უუნაროდ ითვლება“, - აცხადებს ჰიუ უილიამსონი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔹 „ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ“ - კონდოლიზა რაისი

🔹 თუ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება - ბრეგაძე

🔹 დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის - დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონზე

🔹 ეს კანონი არის მავნებლობა და არ მგონია, საღ აზრზე მყოფმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს - რაქვიაშვილი „ხალხის ძალის“ კანონზე

🔹 ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა - ალექსანდრე კობაიძე